19 მარტს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ჯეფრი დურჰამის კვლევას: “ფორმით ქართული, შინაარსით ცარისტული. კოლონიური წონის და ზომის ერთეულები და ფული სამხრეთ კავკასიაში, 1801 – 1845 წლებში”.
მოხსენების შესახებ:
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც ცარისტული ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრეთ კავკასიაზე იმპერიის ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენდნენ, რეგიონში არსებული მრავალფეროვანი წონის სისტემები, ზომის და ფულის ერთეულები ადგილზე მყოფი მოხელეებისა და ჯარისკაცებისთვის მოუხერხებელი და დამაბნეველი იყო. გაცვლისა და ღირებულების განსაზღვრის უცნობი ერთეულები ჯარს საქმეს ურთულებდა იმ კუთხით, თუ როგორ გადაუხდიდა ჯარისკაცებს გასამრჯელოს ან როგორ ჩაიბარებდა ადგილობრივი მოსახლეობისგან მარცვლეულს, საოკუპაციო ძალების გამოსაკვებად.
ამ მრავალფეროვნებას დიდი გავლენა ჰქონდა როგორც მეფის წარმომადგენლების ურთიერთობაზე სამხრეთ კავკასიის ხალხებთან, ისე თავად სამხრეთ კავკასიის ხალხების ურთიერთკავშირზე. უშუალო მატერიალური ფაქტორების მიღმა, იმპერიული აზროვნება სხვადასხვა ვალუტისა და საზომი ერთეულების შესახებ ირეკლავდა უფრო ფართო დებატს: როგორ უნდა დაკავშირებულიყო ეს რეგიონი და მისი მოსახლეობა რუსეთის იმპერიის დანარჩენ ნაწილთან. სამხრეთ კავკასია გადაიქცეოდა მხარედ სტანდარტული ადმინისტრაციული სტრუქტურებითა და კანონებით თუ იგი ჩამოყალიბდებოდა უნიკალურ სივრცედ, საკუთარი წესებით, ძველთაგან დამკვიდრებული ჩვეულებების კვალდაკვალ?
ეს მოხსენება განიხილავს აღნიშნულ დინამიკას და წარმოაჩენს, თუ როგორ წარმოშვა კოლონიურ და ადგილობრივ ძალებს შორის შეპირისპირებამ ადმინისტრატორთა მხრიდან თავისებური პასუხი: ადგილობრივი წონების, საზომებისა და ფულის სტანდარტიზაცია, იმპერიული რუსული ფორმების დაუყოვნებლივი შემოღების ნაცვლად. იგი აჩვენებს, რომ სოციალური კონფლიქტი და სუვერენიტეტის შესახებ განსხვავებული წარმოდგენები განსაზღვრავდა, თუ როგორ მიემართებოდნენ იმპერიული სუბიექტები და ხელისუფალნი საზომ სტანდარტებს.
მომხსენებლის შესახებ:
ჯეფრი დურჰამი არის ისტორიის ასისტენტ-პროფესორი ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში. ამჟამად იგი მოწვეული მკვლევრის სტატუსით მუშაობს ჰარვარდის უნივერსიტეტში, დევისის სახელობის რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ცენტრში, სადაც ასრულებს თავის მონოგრაფიას, სამუშაო სათაურით: „იმპერიული რუსეთი და წონების, ზომებისა და ფულის გლობალური სტანდარტიზაცია“. ამასთან, მან უკვე დაიწყო მუშაობა მეორე, წიგნის მოცულობის კვლევით პროექტზე, რომელიც პლატინის ისტორიის შესწავლას ეძღვნება.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ფოტო: “ხარკის გადახდა თავრიზში”. ავტორი: კ. პ. გებროვი, ვ. ი. მოშკოვი.