Search

იმპერიის პარადიგმები

საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ისტორია ყოველთვის სხვადასხვა იმპერიის გზაჯვარედინზე ვითარდებოდა; ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ან ენაცვლებოდნენ მმართველობის, კულტურისა თუ მეურნეობის სხვადასხვაგვარი იმპერიული მოდელები. XIX საუკუნეში ცარისტული რუსეთის გაბატონებიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის სივრცეში არსებობის ჩათვლით, იმპერია იქცა - ხშირად გაუცნობიერებელ ან საერთოდაც ცნობიერებიდან განდევნილ - ჩარჩოდ, რომელშიც ფორმირდებოდა ქართველი თუ სხვა კავკასიელ ერთა იდეა და კონტურები. იმპერიული მატრიცის ფარგლებში მოხდა საქართველოს შეხვედრა მოდერნულობის სხვადასხვა პროექტებთანაც. ინსტიტუტის კვლევითი ბირთვი “იმპერიის პარადიგმები“ ეძიება იმპერიული ცოდნის ფორმებს, ძალაუფლების მოდელებსა და ცივილიზაციურ ხედვებს შორის არსებულ კავშირებს. მათი ერთობლიობა განსაზღვრავდა ცარისტული თუ საბჭოთა იმპერიული მოდერნიზაციის წიაღში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ტრაექტორიებს, ადამიანების იმპერიულ სუბიექტებად ქცევის კულტურულ პარამეტრებს, თუ, ზოგადად, სივრცისა და დროის მოწყობას. კვლევის საგანია როგორც იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის თეორიები, ისე ცარისტული და საბჭოთა მმართველობის ფარგლებში საქართველოსა და კავკასიაში გატარებული სხვადასხვა სახის ეროვნული, კულტურული და ეკონომიკური პოლიტიკა.

გრიგორი გაგარინი, “თბილისურ ბანზე. ცეკვა“, 1840. სურათის წყარო: pinterest Grigory Gagarin, "On the Roofs of Tiflis. A Dance", 1840. Image source: pinterest