კოლოკვიუმი ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილი რეგულარული ინტერდისციპლინური სემინარების სივრცეა, რომელიც სხვადასხვა აკადემიურ საფეხურზე მყოფ მკვლევრებს შესაძლებლობას აძლევს, წარადგინონ თავიანთი მიმდინარე ან დასრულებული აკადემიური შრომები ინსტიტუტის რომელიმე კვლევითი ბირთვის თემატიკის გარშემო. შესაბამისად, ერთი მხრივ, განსახილველად მივესალმებით ისეთ საკითხებს, რომელთა დრო და სივრცეც უშუალოდ უკავშირდება საქართველოსა და კავკასიის წარსულსა და დღევანდელობას; მეორე მხრივ კი, კოლოკვიუმი ღიაა ისეთ საკითხებზე სამსჯელოდ, რომელთა სივრცული ფოკუსი კავკასიის რეგიონიდან მოშორებულ იმ მეტროპოლიებსა თუ პერიფერიებში ძევს, რომლებთანაც კავკასია სხვადასხვა პერიოდში იზიარებდა და იზიარებს საერთო რეგიონულ და პოლიტიკურ მიკუთვნებულობას (რუსეთის იმპერია, საბჭოთა კავშირი, პოსტსაბჭოთა სივრცე). ამრიგად, კოლოკვიუმის მთავარი მიზანი ცოდნის გაზიარება და წარმოება, ინტერდისციპლინური და ტრანსრეგიონალური გადაკვეთების ძიება და აკადემიურ საქმიანობაში ჩართული ადამიანების გაძლიერებაა.
2022-2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან კოლოკვიუმი ქვეგანყოფილების სახით მასპინძლობს სპეციალურ სამუშაო ჯგუფს “კავკასია და იმპერიული მატრიცა გრძელ მეცხრამეტე საუკუნეში“, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ინსტიტუტის ერთერთ კვლევით ბირთვთან, სახელწოდებით “იმპერიული პარადიგმები“. ამ ქვეჯგუფის მიზანია, წაახალისოს გაცვლა-გამოცვლა სხვადასხვა დარგის მეცნიერებს შორის, ვინც დაინტერესებულია ცარისტული პერიოდის კავკასიითა და იმ იმპერიული ჩარჩოთი, რამაც განაპირობა ადგილობრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი თუ კულტურული რეალიები.
კოლოკვიუმი ღიაა სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებისთვის, როგორებიცაა კლასიკური პრეზენტაცია, მიმდინარე კვლევის სამუშაო წერილობითი ვერსიების განხილვა, მრგვალი მაგიდა საერთო ინტერესის საკითხის გარშემო, თუ სემინარი მკვლევარის მიერ შემოთავაზებული რაიმე სამეცნიერო ტექსტი გარშემო, რომელიც მას თავისი კვლევისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნია.
სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური, მომხსენებლის საჭიროებისდა მიხედვით.
შეხვედრები დღეისთვის მეტწილად ონლაინ ტარდება, Zoom-ის მეშვეობით, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე
შეხვედრების ანდა სხვა ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ:
1) ეწვიოთ “სიახლეების“ და “ღონისძებების“ რუბრიკებს ინსტიტუტის ვებგვერდზე,
2) გამოიწეროთ ჩვენი ფეისბუკ-გვერდი ან
3) გამოიწეროთ ინსტიტუტის ნიუსლეთერი.