ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი 2014 წელს შეიქმნა მოდერნულობის შესწავლის ინსტიტუტის საფუძველზე. მისი მიზანია, ჩაეძიოს საქართველოსა და კავკასიის რეგიონის აწმყოსა და ისტორიისთვის მწვავე სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ საკითხებს. ინსტიტუტი მკვლევრებს ახალისებს გამბედავი დარგთაშორისი მუშაობისა თუ დარგებს შორის საზღვრების გადალახვისკენ, რისი წყალობითაც იკვეთება ახალი საკვლევი საგნები და მუშავდება ახალი თეორიული ჩარჩოები.
ინსტიტუტის კვლევების ქრონოლოგიური სპექტრი ფართოა და მოიცავს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ პროცესებს შუა საუკუნეებიდან დღემდე. კვლევის საგანია ისეთი ფართო თემატური ბლოკები, როგორებიცაა პოლიტიკური თეოლოგია, პოლიტიკური ეკონომია, იმპერიული მმართველობები და იდეოლოგიები, ერი-სახელმწიფოს მშენებლობის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განზომილებები, საქართველოს მიერ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე გამოცდილი მოდერნულობისა და მოდერნიზაციის სხვადასხვა პროექტები. შესაბამისად, ინსტიტუტში მიმდინარე კვლევების უმეტესობა გადანაწილებულია ოთხი წამყვანი კვლევითი ბირთვის ქვეშ: 1. პოლიტიკური თეოლოგია საქართველოში, 2. იმპერიული პარადიგმები, 3. საქართველოს რესპუბლიკები და 4. ინფრასტრუქტურები და ეკოლოგიები. ამავდროულად, ინსტიტუტი ღიაა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში მომუშავეთათვის, ვინც საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სხვა ასპექტებით არიან დაინტერესებული.
ინსტიტუტი აფილირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისეთ სასწავლო პროგრამებთან, როგორებიცაა კულტურის კვლევებისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამები, რომლებიც ინსტიტუტში შემავალი დამატებითი ორი სასწავლო-კვლევითი ბირთვია ხსენებული ოთხი კვლევითი ბირთვის გვერდით. ამ თანამშრომლობის მიზანია სწავლისა და კვლევის პროცესების ინტეგრაცია და ეფუძნება ინსტიტუტის მეთოდოლოგიურ სულისკვეთებას, სიმბოლურ-კულტურული გამოვლინებების დონეზე გამოიკვლიოს საქართველოსა და კავკასიის რეგიონის წარსულსა თუ აწმყოში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესები და ეთნოგრაფიულად მოიხელთოს მათი ისტორიული ქმნადობა და ცოცხალი გამოცდილება.
ინსტიტუტი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხანგრძლივობით თანამშრომლობდა მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით დაწესებულებასა და ფონდთან. მათ შორისაა ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრი, პოტსდამის თანამედროვე ისტორიის ცენტრი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ალექსანდერ-ფონ-ჰუმბოლდტის სამეცნიერო ფონდი, ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო“, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ჰაინრიხ-ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი.