Search

პოლიტიკური თეოლოგია საქართველოში

პოლიტიკური თეოლოგია მრავალმნიშვნელოვანი ცნებაა და გულისხმობს როგორც თეოლოგიური გაგებებისა და სტრუქტურების არეკვლას პოლიტიკის სფეროში, ისე პოლიტიკის შესახებ თეოლოგიურ აზროვნებას, ძალაუფლების რელიგიურ ლეგიტიმაციას და, ზოგადად, რელიგიასა და პოლიტიკას შორის მიმართების ფორმებს. საუკუნეების მანძილზე, ეს მიმართება საქართველოში ისტორიული მოცემულობის მიხედვით იცვლებოდა, მონარქიული ძალაუფლების საკრალური ლეგიტიმაციიდან თანამედროვე სეკულარულ სახელმწიფომდე. იცვლებოდა საერო და საეკლესიო ხელისუფლებათა შორის თანამშრომლობისა თუ ჭიდილის ხარისხიც, ისევე როგორც დაძაბული ურთიერთმიმართება რელიგიურობის ოფიციალურ და ხალხურ ფორმებს შორის. ინსტიტუტის კვლევითი ბირთვი “პოლიტიკური თეოლოგია საქართველოში“ ეძიება როგორც პოლიტიკური თეოლოგიის ცნების თეორიულ და ისტორიულ განზომილებებს მისი პირვანდელი დასავლური წარმოშობის კონტექსტში, ისე საქართველოში არსებულ მის ისტორიულ ნიმუშებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ერთი მხრივ, თანამედროვეობაში სახელმწიფოს, ეკლესიასა და სახალხო რელიგიურობას შორის ურთიერთობებსა, მეორე მხრივ კი, ძალაუფლების რეპრეზენტაციისა და ლეგიტიმაციის კულტურულ ფორმებს.

დემეტრეს მეფედ კურთხევა, მაცხვარიშის ეკლესია, სვანეთი. სურათის წყარო: გიორგი მაისურაძე The Coronation of King Demetre, Matskhvarishi Church, Svaneti. Image source: Giorgi Maisuradze