Search

ინფრასტრუქტურები და ეკოლოგიები

ბოლო საუკუნეების მანძილზე, საქართველომ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ რეჟიმებთან და მათ მიერ მოტანილ მოდერნიზაციის სხვადასხვა ტალღასთან ერთად, სხვადახვა ინფრასტრუქტურული რეჟიმებიც გამოიარა. ეს რეჟიმები, გარკვეულწილად ერთმანეთზე დაშრევებული სახით, თანადროულადაც გვხვდება. როგორც საბჭოთა ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ აიღო უამრავი იდეური და ტექნიკური მასალა ცარიზმის დროინდელი მოდერნიზაციიდან, პოსტსაბჭოთა საქართველოშიც ინდივიდები და, უფრო ფართოდ, ეკონომიკური სისტემაც საბჭოთა ინდუსტრიული, ურბანული თუ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ნანგრევებითა და ნარჩენებით საზრდოობს, თავად საბჭოთა ინფრასტრუქტურა კი ტრანსნაციონალურ მიმოქცევაში ეშვება და ამგვარად აგრძელებს სიცოცხლეს, როგორც ახალი, გლობალიზებული კაპიტალისტური სისტემის საწვავი მასალა. კომუნიკაციის, დაქსელვის, გადამუშავების, გადაადგილების სრულიად ახლებურ პირობებს ქმნიან დღევანდელ ტრანსნაციონალურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კონტექსტში დამკვიდრებული ტექნოლოგიები და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. იქნება ეს გზები, ჰესები თუ კრიპტო-ვალუტის წარმოების ტექნოლოგია, განსხვავებულია მათი მართვის პოლიტიკური ლოგიკაც და ამ ინფრასტრუქტურების პირისპირ მდგომი ადამიანების, როგორც ინდივიდუალური ისე კოლექტიური პოლიტიკური პასუხები. ამ განსხვავებული რეჟიმების პირობებში სრულიად სხვადასხვანაირ ქმედითობას იძენს ბუნებაც, იმისდა მიხედვით, როგორია მასთან ინფრასტრუქტურის მიმართება. ხშირად ბუნება, გარკვეულწილად, თავადვე გვევლინება ინფრასტრუქტურად. ბუნების, ინფრასტრუქტურებისა და მათ შორის ურთიერთქმედების ამ მრავალშრიანობის პოლიტიკურ ეკონომიას, ეკოლოგიასა და გამოცდილებებს ეძიება კვლევითი ბირთვი “ინფრასტრუქტურები და ეკოლოგიები“.

ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა. სურათის წყარო: თამთა ხალვაში Kutaisi Metallurgical Plant. Image source: Tamta Khalvashi