კულტურის კვლევების სადოქტორო პროგრამა
კულტურის კვლევები მოიცავს კულტურის როგორც მატერიალური, ასევე სიმბოლური განზომილებების შესწავლას; ის სინქრონულ ანალიზსაც ეფუძნება და დიაქრონულ, ისტორიულ შედარებით ან გენეალოგიურ კვლევასაც. შესაბამისად, შესაძლებელს ხდის ცალკეული კულტურული მოვლენის ისტორიული პერსპექტივიდან დანახვასაც და მისი სიმბოლური მნიშვნელობის თუ შინაარსობრივი ტრანსფორმაციების გააზრებასაც.
კულტურის კვლევების სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს, პირველ რიგში, თეორიული და მეთოდოლოგიური აპარატის სრულყოფას და მის ემპირიულ/საკვლევ მასალასთან შესაბამისობაში მოყვანას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კულტურის მეცნიერების წიაღში გაჩენილი კვლევით პერსპექტივების (იკონოლოგია, ვიზუალური ანთროპოლოგია, კულტურული მეხსიერება, პერფორმატიულობა, კულტურული სემანტიკა, მიკროისტორია და სხვა) მეთოდოლოგიისა და პრობლემატიკის შესწავლა-დამუშავებას. პროგრამის ფარგლებში საგანგებო აქცენტი გაკეთდება ქართულ და კავკასიურ თემატიკაზეც, მათ შესწავლასა და გააზრებაზე, როგორც თანამედროვე გლობალურ, ასევე პოსტკოლონიურ, პოსტსოციალისტურ და პოსტიმპერიულ კონტექსტებშიც.