18 ივნისს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ტომ ტრიერის კვლევას: “სკანდინავია და სამხრეთ კავკასია: დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები 1918-1922 წლებში”.
მოხსენების შესახებ:
კოლოკვიუმი ეხება ისტორიულ კავშირებს ევროპის კიდეებზე მდებარე ორ შორეულ და განსხვავებულ რეგიონს – სკანდინავიასა და სამხრეთ კავკასიას შორის. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან სკანდინავიისა და შავი ზღვის პორტებს შორის საზღვაო ვაჭრობამ ხელი შეუწყო ახალი კომერციული კავშირებისა და საკონსულო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამ გაცვლით პროცესებში საკვანძო როლს ასრულებდნენ სკანდინავიელი ვაჭრები, რომლებიც ხშირად კონსულებადაც მსახურობდნენ. კასპიის ზღვის აუზში ნავთობის აღმოჩენამ მიიზიდა სკანდინავიელი მეწარმეები – მათ შორის ყველაზე გამორჩეული შვედი ნობელების ოჯახი – რამაც ხელი შეუწყო ბაქოს მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრად გადაქცევას. 1870-იანი წლების ბოლოდან 1920-იანი წლების დასაწყისამდე ნავთობმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია სამხრეთ კავკასიაში.
კოლოკვიუმი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის იმპერიის დაცემის პერიოდის ტურბულენტურ წლებზე, როდესაც საქართველომ, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, 1918 წელს ხანმოკლე დამოუკიდებლობა მოიპოვა. ის ეყრდნობა სკანდინავიურ და ქართულ პერსპექტივებს, რათა აჩვენოს, თუ როგორ უმკლავდებოდნენ კონსულები და დიპლომატები ცვალებად პოლიტიკურ ვითარებას და როგორ განიხილავდნენ საქართველოს სოციალ-დემოკრატი ლიდერები ნეიტრალურ სკანდინავიას, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელ ხიდს. ეს ოთხათწლიანი ურთიერთობა მოულოდნელად შეწყდა 1920-1921 წლებში სამხრეთ კავკასიაში წითელი არმიის შემოჭრით.
პრეზენტაცია ეფუძნება ტომ ტრიერის საარქივო კვლევას მისი წიგნისთვის, რომელიც გამოიცემა 2026 წლის 15 ივლისს: „ლურჯი ზღვა, შავი ოქრო, წითელი დროშა: სკანდინავია და სამხრეთ კავკასია, 1880-იანი – 1920-იანი წლები“, ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტის გამოცმემლობის მიერ.
მომხსენებლის შესახებ:
ტომ ტრიერი დანიელი მკვლევარია, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა კავკასიაში. მას აქვს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი (M.Sc.) სოციალურ ანთროპოლოგიაში და ათ წელზე მეტი გაატარა ევროკავშირის დიპლომატად მუშაობაში, მათ შორის საქართველოშიც. ტრიერი სპეციალიზდება ეთნო-პოლიტიკურ საკითხებში და გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ეთნიკურ უმცირესობებზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და 1940-იან წლებში საქართველოდან დეპორტირებულ მესხ მოსახლეობაზე.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
