5 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ მალხაზ თორია კვლევას: “ისტორიკოსი და ‘მონსტრი მოვლენის’ შექმნა: ქართულაფხაზური კონფლიქტის კრიტიკული ეტაპების გენეალოგია”.
მოხსენების შესახებ:
მოხსენება წარიმართება სადისერტაციო ნაშრომის გარშემო, რომელიც შეისწავლის პროფესიონალი ისტორიკოსების აკადემიურ და პოლიტიკურ ჩართულობას საბჭოთა პერიოდში ქართულ-აფხაზური დაპირისპირების კრიტიკულ ფაზებსა და მოვლენებში. კვლევის ფოკუსშია საბჭოთა ეროვნული პოლიტიკის ფორმირების პერიოდი (1920-1930-იანი წლები), აგრეთვე ქართულ-აფხაზური დაპირისპირების ესკალაციის ეტაპები 1956, 1967–1968 და 1977–1978 წლებში და 1980-იან წლებში. დაძაბულობის მორიგი ციკლის კულმინაციად იქცა 1992 წელს დაწყებული ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც, მისი კატასტროფული შედეგების, ნგრევის, მსხვერპლისა და ეთნიკური წმენდის გათვალისწინებით, შეიძლება „მონსტრი-მოვლენა“ ვუწოდოთ.
საბჭოთა ინტელიგენციის შემადგენლობაში ისტორიკოსები, როგორც პროფესიული ჯგუფი, მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ისტორიკოსები და მათ მიერ წარმოებული ცოდნა კომუნიზმისკენ საყოველთაო სვლის იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენდნენ. ვინაიდან, დასავლეთისგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირში აკადემიური სივრცე ავტონომიური არ იყო, ისტორიოგრაფია, ისევე როგორც ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერებები და აკადემიური თუ საგანმანათლებლო ინსტიტუტები, პარტიის გეგმიური პოლიტიკის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა. ეს გარემოება, ისტორიკოსის სიმბოლურ კაპიტალთან ერთად, მას არა მხოლოდ აკადემიურ ველში ანიჭებდა პრივილეგირებულ სტატუსს, არამედ მაღალი პარტიული თანამდებობების დაკავების შესაძლებლობასაც აძლევდა.
ამავდროულად, საბჭოთა ეროვნული პოლიტიკა მიზნად ისახავდა საბჭოთა ხალხების „ფორმით ეროვნული, შინაარსით სოციალისტური“ იდენტობის მარკერების შექმნასა და განმტკიცებას. ამ კონტექსტში ისტორიკოსს ცენტრალური ადგილი ეკავა, რადგან აღნიშნული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საბჭოთა რესპუბლიკებში „სატიტულო“ ერებისა და ხალხების ისტორიოგრაფიული ტრადიციების შექმნა-გაძლიერება იყო. ისტორიკოსები, როგორც კულტურული ფიგურები, საკუთარი ხალხის კოლექტიური მეხსიერების „მატარებელთა“ და „სპეციალისტთა“ ჯგუფს ქმნიდნენ. საბჭოთა ისტორიკოსების ჰაბიტუსი ღრმად გამჯდარი პროფესიული უნარების, აკადემიური პროფილის, სოციალური დისპოზიციებისა და საჯარო როლების ერთობლიობას ასახავდა. ეს ფაქტორები განაპირობებდა მათ პრივილეგირებულ სტატუსს და სოციალური და სიმბოლური კაპიტალის აკუმულირებას.
საბჭოთა პერიოდში ქართველი და აფხაზი ისტორიკოსები ხშირად პოლიტიკური მოვლენების აქტიური მონაწილეები, ზოგჯერ კი მათი ინიციატორებიც იყვნენ. დისერტაციის მიზანია, საარქივო მასალებზე, ზეპირ ისტორიებზე, პრესაზე, ისტორიოგრაფიულ ნაშრომებსა და სხვა პირველად თუ მეორად წყაროებზე დაყრდნობით გამოიკვლიოს, როგორ ქმნიდნენ ქართველი და აფხაზი ისტორიკოსები ურთიერთდაპირისპირებულ ნარატივებს და როგორ ვლინდებოდა სიმბოლური წარმოსახვები ყოველდღიურ ყოფასა და ეთნიკური მობილიზაციის პროცესებში.
ნაშრომის თეორიული და მეთოდოლოგიური ჩარჩო ისტორიული სოციოლოგიის, მიკროისტორიისა და მეხსიერების კვლევების მიდგომებს ეყრდნობა. სოციო-ბიოგრაფიული პრიზმა მეთოდოლოგიურ ხიდს ქმნის იმის ასახსნელად, თუ როგორ შეიძლება ინდივიდუალური და ჯგუფური ქმედებებმა წყალგამყოფი – კრიტიკული მოვლენები განაპირობოს.
მომხსენებლის შესახებ:
მალხაზ თორია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და “მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის” დირექტორი. 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ისტორიაში. 2006-2008 წლებში ასწავლიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტში; 2006-2010 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; ხოლო 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია.
2019–2021 წლებში სწავლობდა The New School for Social Research-ში, სადაც მიიღო სოციოლოგიის მაგისტრის (MA, 2021) და MPhil (2023) ხარისხები, და 2023 წლიდან არის სოციოლოგიის დოქტორის კანდიდატი (ABD). მისი კვლევით ინტერესებში და სასწავლო თემატიკაში შედის: შუა საუკუნეების და თანამედროვე ქართული ისტორიული აზროვნება; ცარისტული რუსეთის და საბჭოთა კავშირის იმპერიული მემკვიდრეობები; თანამედროვე მუზეოლოგია და მემორიალური კულტურა პოსტ-ტოტალიტარულ საზოგადოებებში; მეხსიერების პოლიტიკა და რეგიონალური კონფლიქტები საქართველოში; წარსულის ინსტრუმენტალიზაცია და დეზინფორმაციის პოლიტიკა „პოსტ-სიმართლის“ ეპოქაში. ამჟამად მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე – „ისტორიკოსი და ‘მონსტრი მოვლენის’ შექმნა: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კრიტიკული ეტაპების გენეალოგია“.
მრავალი პოსტ-სადოქტორო და კვლევითი სტიპენდიის (DAAD, OSF, Fulbright და სხვ.) ფარგლებში თანამშრომლობდა წამყვან აკადემიურ ინსტიტუტებთან, მათ შორის The New School for Social Research, Central European University (CEU), Humboldt University, Leibniz-Zentrum für Literatur- und Kulturforschung (ZfL), University of California, Berkeley; Harriman Institute, Columbia University და Davis Center for Russian and Eurasian Studies, Harvard University. მისი კვლევები წარმოდგენილია საერთაშორისო აკადემიურ ფორუმებსა და რეფერირებად გამოცემებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

წყარო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო.