14 მაისს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ სამუელ ბაურის კვლევას: “რევოლოციური ერები – სოციალიზმი და ეროვნული დამოუკიდებლობა უკრაინასა და საქართველოში, 1880-1930 წლებში”.
მოხსენების შესახებ:
რევოლუციურმა დინამიკამ, რომელმაც ცარისტული მმართველობის დასრულება გამოიწვია, აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ახალი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. თუმცა, საქართველოში და უკრაინაში ეროვნული დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ეროვნული ისტორიოგრაფიებისათვის დამახასიათებელი ერი-სახელმწიფოს ფორმირების ტრადიციული, ტელეოლოგიური მოდელისგან: ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებლობა ხანგრძლივი პოლიტიკური პროექტების კულმინაცია ყოფილიყო, საქართველოში და უკრაინაში იგი პირველი მსოფლიო ომისა და ბოლშევიკური გადატრიალების მიერ შექმნილი სიტუაციური აუცილებლობების შედეგად დადგა. ამასთან, როგორც დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე, ისე ახლად დაარსებული სახელმწიფოების პოლიტიკაში, გადამწყვეტ როლს პოლიტიკური მემარცხენეობა ასრულებდა.
პრეზენტაციის მიზანია გახსნას დისკუსია იმაზე, რამდენად გამოდგება „რევოლუციური ერების“ ჩარჩო საქართველოსა და უკრაინის რევოლუციური ისტორიის გასააზრებლად. სადისკუსიოდ წარმოდგენილი სადოქტორო პროექტი იკვლევს, თუ რატომ თქვეს ორივე ქვეყნის სოციალისტებმა საბოლოოდ უარი იმ ადრინდელ სტრატეგიებზე, რომლებიც იმპერიასთან მოლაპარაკებას და მის დემოკრატიზაციას ისახავდა მიზნად, და როგორ ინტეგრირდა ეროვნებისა და ერი-სახელმწიფოს იდეა სოციალისტურ პოლიტიკურ აზროვნებაში.
მომხსენებლის შესახებ:
სამუელ ბაური სწავლობდა ისტორიას, პოლიტიკურ მეცნიერებასა და ციფრულ ჰუმანიტარულ მეცნიერებას მიუნხენის უნივერსიტეტში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ისტორიას, განსაკუთრებული ყურადღებით ნაციონალიზმის, ეროვნების კვლევებისა და ინტელექტუალური ისტორიის მიმართ. თავის სადოქტორო პროექტში, რომელიც მან 2026 წელს დაიწყო, ბაური იკვლევს იმ სინერგიებსა და დაძაბულობებს სოციალიზმსა და ეროვნულ ემანსიპაციას შორის, რომლებმაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოში და უკრაინაში მიმდინარე რევოლუციები და დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდები განსაზღვრა.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ფოტო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.