16 აპრილს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ნიკო ქელბაქიანია კვლევას: “ირანი და კავკასია ომთაშორის პერიოდში”.
მოხსენების შესახებ:
ირანის და კავკასიის ბედი მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული, როცა კავკასია ირანისთვის ევროპისკენ ერთ-ერთ ფანჯარას წარმოადგენდა. ირანის 1905-1911 წლების კონსტიტუციურ რევოლუციაში კავკასიელი რევოლუციონერები აქტიურად მონაწილეობდნენ და პირველი ირანული მემარცხენე პარტიების დაარსებაშიც შეიტანეს წვლილი. ამასთან, ირანზე რუსეთის იმპერიის გავლენები ირანელებისა და კავკასიელი ხალხების სიახლოვეს უწყობდა ხელს.
რუსეთის რევოლუციის შემდეგ რუსეთის სამოქალაქო ომი შიდა არეულობის გამომწვევი მოვლენა გახდა, ხოლო ბოლშევიკების მიერ კავკასიის ოკუპაცია პირდაპირ იყო მიბმული ჩრდილოეთ ირანში ბოლშევიკურ ინტერვენციასა და იქ ირანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბებასთან. თუმცა, ირანში რეზა შაჰის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციისა და საბჭოთა საზღვრების ჩაკეტვის შედეგად, ირანსა და კავკასიას შორის სახალხო კონტაქტები საგრძნობლად შესუსტდა. ამასთან, 1920-1930-იან წლებში, ირანს, თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებულმა შეთანხმებებმა გავლენა იქონია არა მხოლოდ ირანის ბედზე მეორე მსოფლიო ომის დროს, არამედ კავკასიის გეოპოლიტიკაზეც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
მომხსენებლის შესახებ:
ნიკო ქელბაქიანი არის აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი. მისი სპეციალობაა თანამედროვე ირანის პოლიტიკა და ისტორია და ირან-რუსეთის/საბჭოთა ურთიერთობები. ნიკო ასწავლის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. ნიკო ასევე არის ჟურნალისტი და ყოველდღიურად აშუქებს ირანში მიმდინარე მოვლენებს.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ფოტო: ირანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (1920-1921) მარკა. Wikimedia Commons / Nickpo