30 აპრილს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ მარიამ შალვაშვილის კვლევას: უსაფრთხოება განვითარების სადარაჯოზე: “ჰესების საწინააღმდეგო პროტესტი და მისი ჩახშობის მექანიზმები პანკისის ხეობაში”.
მოხსენების შესახებ:
მოხსენება ეხება პანკისში სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტს, 2019 წლის 21 აპრილს ჰესების საკითხზე ადგილობრივი მოსახლეობის სამართალდამცავებთან ფიზიკურ დაპირისპირებას და პროტესტის ჩახშობის მექანიზმებს.
პანკისში 2018 წელს დაანონსებული ჰესების პროექტები სხვადასხვა ჯგუფისთვის უკავშირდებოდა მომავლის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ორ ხედვას – ნგრევას და განვითარებას. სახელმწიფო და სამშენებლო კომპანია ჰესების აშენებას ხეობის განვითარებად წარმოაჩენდნენ. ხოლო ქისტები ელექტროსადგურების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ იმ არგუმენტით, რომ ახალი ჰესების აშენება ხეობის ნგრევას, დაქცევას, განადგურებას მოიტანდა.
კვლევა მოკლედ მიმოიხილავს 2000 წლებიდან პანკისის მიმართ არსებულ უსაფრთხოების პოლიტიკას (securitization) და აჩვენებს, თუ როგორ დაუკავშირდა 2018-2019 წლებიდან უსაფრთხოების პოლიტიკა განვითარების პარადიგმას. უსაფრთხოებისა და განვითარების გადაჯაჭვულობის აღწერისთვის ავტორი იყენებს ტერმინს უსაფრთხოება განვითარების სადარაჯოზე (Securitized Development) და აანალიზებს უსაფრთხოების იმ მექანიზმებს, რომლებიც ჰესების საწინააღმდეგო პროტესტის ჩასახშობად პანკისში გამოიცადა. მომდევნო წლებში, მსგავსი მექანიზმები სხვა საპროტესტო მოძრაობების საწინააღმდეგოდ დაინერგა. მოხსენება ეფუძნება 2019-2025 წლებში პანკისში ჩატარებულ გრძელვადიან ეთნოგრაფიულ კვლევას.
მომხსენებლის შესახებ:
მარიამ შალვაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი. წლების მანძილზე ის იყო საქართველოში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საკითხების მკვლევარი სოციალური სამართლიანობის ცენტრში, თანამშრომლობდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ასწავლიდა სხვადასხვა კურსს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ფოტო: პანკისის ხეობა, მარიამ შალვაშვილი.