Search

კოლოკვიუმი: დეკოლონიური სახელოვნებო პრაქტიკები სამხრეთ კავკასიაში: ავანგარდი, როგორც პოსტიმპერიული სტრატეგია / ფილომენა გრასლი

4 ივნისს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ფილომენა გრასლის კვლევას: “დეკოლონიური სახელოვნებო პრაქტიკები სამხრეთ კავკასიაში: ავანგარდი, როგორც პოსტიმპერიული სტრატეგია”.

მოხსენების შესახებ:

მოხსენება სადოქტორო ნაშრომის კვლევით პროექტს ეფუძნება, რომელიც თანამედროვე ავანგარდულ პრაქტიკას შეისწავლის სამხრეთ კავკასიაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), როგორც პოსტიმპერიული ესთეტიკური თვითპოზიციონირების ფორმებს. კვლევის ფოკუსშია ენობრივი და პერფორმანსული სტრატეგიები, ტრანსკულტურული ქსელები და ქვიარ და ფემინისტური ესთეტიკური პრაქტიკა, რომელთა მეშვეობითაც ხელოვანები საზოგადოების, იდენტობისა და მომავლის ალტერნატიულ ფორმებს აყალიბებენ. ეს პრაქტიკა ეფუძნება დეკოლონიური ავანგარდული ინტერვენციების ტრადიციას და გამიზნულად პოზიციონირებს იმპერიული დისკურსული წესრიგის მიღმა.

ნაშრომი „ავანგარდს“ განიხილავს არა როგორც ჩაკეტილ ისტორიულ მოძრაობას, არამედ როგორც რადიკალური ინტერვენციის განმეორებად პრაქტიკას „ქვემოდან“: როგორც ჰორიზონტალურ, ექსპერიმენტულ და პერფორმანსულ სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს ჰეგემონიური ძალაუფლებრივი ურთიერთობების, ენობრივი ნორმებისა და კულტურული ატრიბუციების დესტაბილიზაციას. ეს პროექტი იკვლევს ავანგარდული სტრატეგიების უწყვეტობასა და ტრანსფორმაციას პოსტსაბჭოთა კონტექსტში.

პროექტის მიზანია წარმოაჩინოს სამხრეთ კავკასია, როგორც ავანგარდული კულტურული წარმოების დამოუკიდებელი, ეპისტემურად პროდუქტიული სივრცე. რეგიონი გააზრებულია, როგორც სპეციფიკური ესთეტიკური და პოლიტიკური ცოდნის წარმოების ადგილი, რომელიც მოქცეულია პოსტიმპერიულ რეორგანიზაციას, ეგზოტიზაციასა და თვითგამორკვევად კულტურულ პოზიციონირებას შორის არსებულ დაძაბულობაში. ამგვარად, დისერტაციას წვლილი შეაქვს სლავისტიკის, პოსტსაბჭოთა და პოსტკოლონიური ავანგარდის კვლევების გაფართოებაში და ფოკუსი ცენტრ-პერიფერიის მოდელებიდან ტრანსკულტურულ პერსპექტივებზე გადააქვს.

მომხსენებლის შესახებ:

ფილომენა გრასლი ვენის უნივერსიტეტში სწავლობდა საერთაშორისო განვითარებას და სლავისტიკას, რუსული ენის მიმართულებით. მაგისტრის ხარისხი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში მოიპოვა, აღმოსავლეთ ევროპის კულტურების მიმართულებით. სამაგისტრო ნაშრომში ფილომენამ შეისწავლა ილია ზდანევიჩი -თბილისის ავანგარდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში.

2015 წლიდან ფილომენა თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. მათ შორის, საქმიანობდა გოეთეს ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა პროექტს EU4Dialogue, რომელიც ეძღვნებოდა ხელოვანების გაცვლასა და კულტურულ მიდგომებს კონფლიქტების ტრანსფორმაციაში, სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში. ამჟამად იგი ქვიარ-ფემინისტური სახელოვნებო ორგანიზაციის, Untitled Tbilisi-ს წევრია. 2026 წლის ზაფხულში ფილომენა სწავლას დაიწყებს დოქტორნატურაზე ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში.

ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ფოტო: ილია ზდანევიჩის პიესა „აღდგომის კუნძული“ (1919, თბილისი, 41°), წყარო: modernism.ge

სიახლეები