5 მარტს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ თეა ქამუშაძის კვლევას: “გმირობა, ტიტულები და ელიტა: თამაში საბჭოთა წესებით”.
მოხსენების შესახებ:
მოხსენების მთავარი საგანია საბჭოთა სოციალისტური რეალიზმის გავლენა “სოციალისტური შრომის გმირობის“ გაგებაზე და ამ ტიტულის გამოყენებაზე ახალი სოციალურ‑კულტურული ელიტის შექმნის პროცესში. თეა ქამუშაძის კვლევა აჩვენებს, რომ ლიტერატურა და საბჭოთა კულტურული კოდები მოქმედებდა როგორც იდეოლოგიური ინსტრუმენტები, რომლებიც გავლენას ახდენდა საზოგადოების ღირებულებებზე, იდენტობაზე და ელიტის ტიპებზე. მომხსენებელი განიხილავს, როგორ აღწერენ “შრომის გმირები“ საკუთარ ისტორიას საბჭოთა დისკურსში და რა დატვირთვა ჰქონდა ამ ტიტულს. კვლევა ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა ელიტის კატეგორია არა მხოლოდ მერიტოკრატიულ პრინციპებს ეფუძნებოდა, არამედ მჭიდრო კავშირში იყო სოციალისტური რეალობის კონსტრუქციასა და მისი ნარატივების ხელოვნურად შექმნასთან. კვლევაში ნაჩვენებია როგორ შეიცვალა საბჭოთა გმირზე წარმოდგენა და როგორ გამოჩნდა ალტერნატიული რეალური ნარატივები სოციალიზმის კულტურულ დისკურსში, მოგვიანებით, პოსტსოციალისტურ პერიოდში.
მომხსენებლის შესახებ:
თეა ქამუშაძე არის ანთროპოლოგიის დოქტორი (2019), ოქსფორდის უნივერსიტეტში ერთწლიანი კვლევის გამოცდილებით (2025). იგი არის სამეცნიერო ხელმძღვანელი კვლევითი პროექტის “კოვიდ პანდემია და საქართველო: ახალი რეალობის ანთროპოლოგიური კვლევა“ (FR-21-14562) და მონაწილეობს პროექტში “რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველო“ (FR-23-2282). თეას მიღებული აქვს პოსტსადოქტორო გრანტი შოთა რუსთაველის ფონდისგან, ასევე სტიპენდიები (CARTI და კირკლანდი) ჰარვარდის და იაგელონიის უნივერსიტეტებში. იგი არის ავტორი მონოგრაფიის “რუსთავის საბჭოთა მემკვიდრეობა (პატარა ქალაქის დიდი ამბები)“(2022). თეა არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი და თსუ-ს მოწვეული ლექტორი. მისი კვლევის ინტერესებია: ტრადიციული სოციალიზაცია, პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციები, ქალაქის სივრცე და მეხსიერება, ციფრული ანთროპოლოგია.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ფოტო: თეა ქამუშაძე