5 თებერვალ, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ პროფესორ ჯენიფერ კიტინგის, ანტონი პორაისკი-პომსტას და სოჰი რიუკის კვლევას: “რურალური სამყაროების ხელახალი წარმოსახვა: გარემოს ცვლილების ურთიერთდაკავშირებული მატერიალობები გვიან რუსეთის იმპერიაში”.
მოხსენების შესახებ:
მომხსენებლები მიმოიხილავენ პროექტს “Land Limits” და აღწერენ მათ კოლექტიურ მცდელობას, შეისწავლონ მოსახლეობის, გარემოს ცვლილებების, კაპიტალისა და კონფლიქტის ურთიერთდაკავშირებული ისტორიები რუსეთის ევრაზიაში, 1860-იანი წლებიდან 1920-იანი წლების დასაწყისამდე. ეს პერიოდი, რომელიც ხასიათდებოდა კოლონიზაციის, ინდუსტრიალიზაციის, მოდერნიზაციისა და პოლიტიკური კოლაფსის ურთიერთგადაფარული პროცესებით, მრავალეთნიკური რუსეთის იმპერიის სასოფლო სივრცეებში მასშტაბური ეკოლოგიური ტრანსფორმაციების მოწმე გახდა. კვლევის ავტორები უპირატესობას ანიჭებენ დეტალიზებულ, კონკრეტულ ადგილებზე დაფუძნებულ კვლევას, რათა შეისწავლონ და გამოკვეთონ ადამიანსა და ბუნებას შორის ამ ცვალებადი ურთიერთობების მატერიალური განზომილება. ამასთანავე, იმის გაცნობიერებით, რომ ეკოლოგიურ ცვლილებებს შეუძლია სოციო-ეკონომიკური ურთიერთობების გარდაქმნა, პროექტის ინტერესის საგანია ის, თუ როგორ წარმოიშვა ადაპტაციის, თანამშრომლობის, უთანასწორობისა და კონფლიქტის ახალი ფორმები, მიწასთან დამყარებული ახალი ურთიერთობების შედეგად.
კვლევითი ჯგუფის წევრების ერთობლივი პრეზენტაცია წარმოაჩენს მათ მიმდინარე სამუშაოს, ცენტრალური აზიის მთიან რეგიონებში ეკოსისტემების დარღვევებზე, რუსეთის პოლონეთში ტყეებსა და ხე-ტყის ვაჭრობაზე, და ამიერკავკასიაში სასოფლო-სამეურნეო კულტურების კომოდიფიკაციაზე. ამ ცალკეული შემთხვევის შესწავლის მიღმა, ავტორები მოკლედ განიხილავენ მათ მრავალგვარ ურთიერთგადაჯაჭვულობასაც და სვამენ კითხვას, რა შეიძლება მიიღონ ამ გარემოებისა და თემების მრავალმასშტაბიან დიალოგში ჩართვით იმპერიის ეკონომიკური ზრდის, პოლიტიკური დეზინტეგრაციისა და პლანეტარული ანთროპოცენის შესახებ.
მომხსენებლების შესახებ:
ჯენიფერ კიტინგი არის ისტორიის ასოცირებული პროფესორი ირლანდიაში, დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში. იგი იმპერიისა და გარემოს ისტორიკოსია, განსაკუთრებული ინტერესით ცენტრალური და შუა აზიის მიმართ. მისი პირველი მონოგრაფია ”On Arid Ground: Political Ecologies of Empire in Russian Central Asia” გამოქვეყნდა 2022 წელს და მოიპოვა სამეფო ისტორიული საზოგადოების გლადსტონის პრემია ევროპული ან მსოფლიო ისტორიის საუკეთესო სადებიუტო წიგნისთვის. ბოლო პერიოდში მისი კვლევა ფოკუსირებულია პასტორალიზმის ეკოლოგიებზე, სავაჭრო ქსელებზე, ნელ ძალადობაზე (slow violence) და ეკოსისტემურ დარღვევებზე ცენტრალური აზიის აღმოსავლეთ ნაწილში, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში. ამჟამად იგი არის ERC-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „Land Limits: Towards a Connected History of Population, Environment, Capital and Conflict in Russian Eurasia, 1860s–1920s“ მთავარი მკვლევარი (PI).
ანტონი პორაისკი-პომსტა არის ევროპის კვლევითი საბჭოს პოსტდოქტორანტი დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში და სპეციალიზდება პოლონეთისა და რუსეთის იმპერიის ისტორიაში. მისი მიმდინარე პროექტი იკვლევს რუსეთის იმპერიის პერიფერიული პოლონეთის ურთიერთდაკავშირებულ ისტორიას, განსაკუთრებული ყურადღებით ტყეებზე, ხე-ტყის ვაჭრობაზე და საერთო მიწებზე ებრაელთა ემანსიპაციისა და სოფლის რეფორმის შემდგომ პერიოდში. ანტონი ასრულებს თავის პირველ მონოგრაფიას, რომელიც ეფუძნება კემბრიჯის უნივერსიტეტში დაცულ სადოქტორო დისერტაციას და რომელიც შეისწავლის ინდუსტრიული გარეუბნების ისტორიას ე.წ. ვისლას მიწაზე (Vistula Land). წიგნის სამუშაო სათაურია: “At the Gates of Modernity: A History of Russian Poland’s Urban Outskirts”. მისი უახლესი ნაშრომები გამოქვეყნებულია ჟურნალებში Kritika და Journal of Social History.
სოჰი რიუკი ამჟამად არის პოსტდოქტორანტი ევროპის კვლევითი საბჭოს პროექტში „Land Limits: Towards a Connected History of Population, Environmental Change, Capital and Conflict in Russian Eurasia, 1860s–1920s“. მისი კვლევა, „Village Encounters in Kutaisi Governorate“, იკვლევს, თუ როგორ ინტეგრირდებოდა ამიერკავკასიის რურალური სივრცეები გლობალურ ბაზრებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორ ზემოქმედებდა სულ უფრო მეტად კომოდიფიცირებული კულტურები, როგორიცაა ყურძენი და სიმინდი, მცირე მასშტაბის სოფლის მწარმოებლების მიწათსარგებლობაზე.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

წყარო: https://russiainphoto.ru/