29 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ გიორგი ცინცაძის კვლევას “თბილისის ობსერვატორია და მოდერნული საბუნებისმეტყველო მეცნიერების საწყისები კავკასიაში”.
მოხსენების შესახებ:
თბილისის მაგნიტური და მეტეოროლოგიური ობსერვატორია ერთ-ერთი პირველი მოდერნული სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომელიც ცარისტულ კავკასიაში დააარსდა. მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან ობსერვატორია აწარმოებდა უწყვეტ და დეტალურ მეტეოროლოგიურ და მაგნიტურ დაკვირვებებს. მის მონაცემებს დაეყრდნო პირველი სამეცნიერო კვლევები კავკასიის კლიმატის შესახებ. ამავდროულად, ობსერვატორიის დაკვირვებები იგზავნებოდა დასავლეთ ევროპაში, სადაც თავს იყრიდა ამინდისა და მაგნეტიზმის შემსწავლელი მზარდად გლობალური სამეცნიერო ქსელისგან მიღებული რიცხვები. თბილისის ობსერვატორიის ისტორია მოგვითხრობს, როგორ იწყებოდა მოდერნული საბუნებისმეტყველო მეცნიერება კავკასიაში.
მომხსენებლის შესახებ:
გიორგი ცინცაძე არის ბრაუნის უნივერსიტეტის დოქტორანტი. მისი კვლევა შეეხება ბუნებასა და გარემოზე დაკვირვების პრაქტიკებსა და მათ ტრანსფორმაციას კავკასიაში. ის ფლობს ბაკალავრის (კორნელის უნივერსტიტეტი) და მაგისტრის (ჩიკაგოს უნივერსიტეტი) ხარისხებს გარემოს მეცნიერებებში.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
