Search

წიგნის წარდგენა: მსხვერპლობიდან ძლევამოსილებამდე: ქალთა რეპრეზენტაცია 1920-იანი წლების ქართულ საბჭოთა კინოში / სალომე ცოფურაშვილი

15 იანვარს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ სალომე ცოფურაშვილის წიგნს “მსხვერპლობიდან ძლევამოსილებამდე: ქალთა რეპრეზენტაცია 1920-იანი წლების ქართულ საბჭოთა კინოში”. წიგნი 2025 წელს გამოსცა Bloomsbury Academic-მა.

მოხსენების შესახებ:

წიგნი აანალიზებს ქალთა რეპრეზენტაციებს საქართველოს სახელმწიფო კინო მრეწველობის 1920-იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვან ფილმებში, დისკურსის ანალიზის, პოსტკოლონიალური პერსპექტივების და კინოს ფემინისტური თეორიების გამოყენებით. ბოლშევიკების მხრიდან ქალთა საკითხებით დაინტერესებისა და ემანსიპატორული პოლიტიკის ჭრილში, წიგნი იკვლევს თუ რამდენად გაძლიერდა ქალთა ეკრანული ფიგურები და რა იყო ამ ემანსიპაციის ფუნქციონალური მნიშვნელობა მოცემულ კონტექსტში; როგორ გამოიხატებოდა ახალი საბჭოთა ქალის იდეალები და როგორ ერწყმოდა ეს იდეალები ქართულ ნაციონალობას.

წიგნში განხილულია შემდეგი თემები: ქალის სხეულის სიმბოლური მნიშვნელობა კლასობრივ დიქოტომიასა და ეთნიკურ იერარქიებში; რუსული კოლონიური წარმოსახვის „ორიენტალისტური სხვის“ განსხეულება და მისი შემდგომი დემონტაჟი ეკრანზე, კავკასიის დეორიენტალიზაციის კონტექსტში; ახალი სოციალური წესრიგის „გმირის“ და „უარყოფითი პერსონაჟის“ – ახალი საბჭოთა ქალის და ნეპის პერიოდის ბურჟუა ქალის მახასიათებლები; და ქალთა ტრანსფორმაცია რევოლუციის თემაზე გადაღებულ ფილმებში, დეკადის განმავლობაში.

მომხსენებლის შესახებ:

სალომე ცოფურაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გენდერისა და კინოს მიმართულებით. დოქტორის ხარისხი დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე, გენდერის კვლევებში. სხვადასხვა დროს იყო მიწვეული მკვლევარი ფრიბურგის უნივერსიტეტში (შვეიცარია), ვერმონტის უნივერსიტეტში (USA), ოქსფორდის უნივერსიტეტში, ლედი მარგარეტ ჰოლში (დიდი ბრიტანეთი), ახალი ევროპის კოლეჯში (რუმინეთი), ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ ენტონის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი).

ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

წიგნის ყდის ფოტო: კადრი კოტე მიქაბერიძის ფილმიდან “ჩემი ბებია” (1929). დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში. დიზაინი: ელეანორ როუზი.

სიახლეები

კოლოკვიუმი: საკუთრების სასაზღვრო ზოლი იმპერიაში: რესურსების ექსტრაქცია, კოლონიური შრომა და იმპერიული ტერიტორიალიზაცია რუსეთ–ირანის საიმპერიო საზღვარზე, 1870-1910-იან წლებში / რუსლანა ბოვჰირია