4 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ კატერინა ბურკუშის კვლევას “ხე-ტყის შესყიდვის დეცენტრალიზებული პოლიტიკები და პრაქტიკები გვიან საბჭოთა კავშირში, 1950იან-1980იან წლებში“.
მოხსენების შესახებ:
1930-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირში ხე-ტყის მოპოვება ცენტრალიზებული სატყეო მრეწველობის სფეროდ იქცა. მოხსენებაში განხილულია ნაკლებად ცნობილი მოვლენა: ხე-ტყის შესყიდვის დეცენტრალიზებული პოლიტიკები და პრაქტიკები, რომლებიც ცენტრალიზებულ სახერხო საქმიანობასთან ერთად არსებობდა. იგი სტალინის შემდგომ ათწლეულებში განვითარდა და სირთულეს უქმნიდა საბჭოთა ეკონომიკის რესურსების ექსპლუატაციის და განაწილების ლანდშაფტს. რადგან სატყეო მრეწველობა ვერ უზრუნველყოფდა ხეზე შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, სახელმწიფო სხვადასხვა ორგანიზაციას აძლევდა უფლებას, ხე-ტყის დამოუკიდებელი შესყიდვები განეხორციელებინათ საკუთარი – ხშირად სამშენებლო – საჭიროებებისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ ეს საქმიანობა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, წარმოადგენდა რა საბჭოთა სატყეო ეკონომიკის სტანდარტულ მახასიათებელს.
მოხსენებაში, 1967 წლის ლატვიის ქარიშხლის მაგალითზე განხილულია, თუ როგორ შეკავშირდა და გაძლიერდა ხე-ტყის თვითშესყიდვის პოლიტიკები და პრაქტიკები, როდესაც მრავალი ორგანიზაცია ცდილობდა წაქცეულ ხეებზე წვდომის მოპოვებას. ქარიშხლის შედეგების მართვის ანალიზი, როგორც საბჭოთა დეცენტრალიზებული ეკონომიკური პრაქტიკის ნათელი ილუსტრაცია, ხე-ტყის საბჭოთა დამოუკიდებელი მოპოვების უფრო გრძელ ისტორიაშია კონტექსტუალიზებული. კვლევა ავლენს მთავარ მოქმედ პირებს, წარმოაჩენს კონფლიქტებს, დამოკიდებულებას მიგრანტ მშრომელებზე და კერძო ინიციატივაზე, რომელიც სოციალისტური ლეგალობის ზღვარზე არსებობდა.
მომხსენებლის შესახებ:
კატერინა ბურკუში არის ტურინის უნივერსიტეტის მკვლევარი, სადაც ის მუშაობს ERC-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში „ინდუსტრიული ხე: ევროპული ინდუსტრიალიზაცია ტყის პერსპექტივიდან (1870–1914)“. იგი გვიან ჰაბსბურგების გალიციაში ხის კომერციული ექსპლუატაციის მიკროისტორიებს სწავლობს. კატერინამ ისტორიის ხარისხი ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტში (ფლორენცია) დაიცვა. მისი დისერტაცია გვიან საბჭოთა კავშირში სეზონური კონტრაქტით დაქირავებულ მშრომელებს ეხებოდა. კატერინას კვლევითი ინტერესები ბუნებრივი რესურსების, შრომის, მიგრაციის ისტორიის და ზეპირი ისტორიის კვეთაზეა.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
სემინარის სამუშაო ენაა ინგლისური.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ფოტო: უკრაინის ცენტრალური აუდიოვიზუალური და ელექტრონული არქივი.