27 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ რუსლანა ბოვჰირიას კვლევას “საკუთრების სასაზღვრო ზოლი იმპერიაში: რესურსების ექსტრაქცია, კოლონიური შრომა და იმპერიული ტერიტორიალიზაცია რუსეთ–ირანის საიმპერიო საზღვარზე, 1870-1910-იან წლებში”.
მოხსენების შესახებ:
მე-19 საუკუნის ბოლოს, ათრაქისა და გორგანის მდინარეებისპირა მხარე, რომელიც იომუთ თურქმენთა მიწადაცაა ცნობილი, უპრეცედენტო დაპირისპირებების ადგილად იქცა. 1870 წელს, ყაჯართა მთავრობის კონცესიით მხარდაჭერილმა ლიონოზოვის კომპანიამ პირველმა წამოიწყო სამრეწველო თევზჭერა კასპიის ზღვაზე. ამ მოუხელთებელი სასაზღვრო მხარის დასამორჩილებლად, ლიონოზოვს ძალისა და კანონის გამოყენება დასჭირდა. საუკუნის დასასრულს კი რუსეთის და ყაჯართა იმპერიები, რომელთაც კანონიერებაზე საკუთარი წარმოდგენების დამკვიდრების მტკიცე სურვილი ამოძრავებდათ, ამ ტერიტორიაზე გადაიკვეთნენ. მათი ურთიერთობა კომპანიასთან ხშირად წინააღმდეგობრივი ინტერესებით იყო ნაკარნახევი, რომელიც ხან მოახალშენე კოლონიალიზმის დინამიკით და ხანაც ერი-სახელმწიფოს მშენებლობიდან მომდინარეობდა.
ყაჯართა ხელისუფლების თანხმობით, ლიონიზოვის კომპანიას ბევრი უფლება მიენიჭა, მათ შორის მიწის შეძენის, სამართლის აღსრულების და მომთაბარე ტომებისგან გადასახადების აკრეფის. ტექნიკური ცოდნის ნაკლებობის გამო, ლიონოზოვის საწარმომ მაღალკვალიფიციური მშრომელები მოიზიდა საზღვარგარეთიდან, ადგილობრივი მოსახლეობა კი ფიზიკურად მძიმე სამუშაოებისთვის გამოიყენა. კომპანიის სწრაფმა ტერიტორიულმა ექსპანსიამ ახალი პრობლემები წამოჭრა, დაწყებული შემოსავლის ამოღების ზედმიწევნითი, თუმცა საკამათო მეთოდებიდან, დასრულებული ისეთი პოლიტიზებული საკითხით, როგორიცაა პოლიტიკური სუვერენიტეტი. 1910-იანი წლებისთვის, ეს საწარმო მოახალშენე კოლონიზაციის ცენტრალურ ინსტრუმენტად იყო ქცეული.
ყაზახურ და უზბეკურ არქივებზე, ასევე გამოქვეყნებულ სპარსულ წყაროებზე დაყრდნობით, ეს ნაშრომი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ იყენებდა იმპერია კორპორატიულ სტრუქტურებს სამხრეთ კასპიის საზღვარზე სპეციფიური კოლონიური რეჟიმის ჩამოსაყალიბებლად.
მომხსენებლის შესახებ:
რუსლანა ბოვჰირია ისტორიკოსია, რომლის სპეციალობაა რუსეთი და საბჭოთა ცენტრალური აზია. მისი კვლევა კოლონიური საკუთრების რეჟიმებს, რესურსების მოპოვებასა და გარემოსდაცვით საკითხებს მოიცავს. ამჟამად იგი მუშაობს აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. რუსლანა წერს წიგნს, რომლის სამუშაო სათაურია: “იმპერიის ამბივალენტური სივრცეები: ლიონოზოვის საწარმო და იმპერიული სასაზღვრო მხარეების ფორმირება ცენტრალურ აზიაში, 1818–1925 წლებში”.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
სამუშაო ენაა ინგლისური.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ფოტო: თურქმენი მეთევზეები, ჩელეკენის ნახევარკუნძული, 1910 წ.
წყარო: Gordon Edmondson Private Sturgeon Collection, Vancouver Island University