Search

კოლოკვიუმი: რიონის ხეობის მოძრაობა და პროტესტის ინფრასტრუქტურა: ომი საპროტესტო ნივთების წინააღმდეგ / ლიკა ჯალაღანია

13 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ლიკა ჯალაღანიას კვლევას “რიონის ხეობის მოძრაობა და პროტესტის ინფრასტრუქტურა: ომი საპროტესტო ნივთების წინააღმდეგ”.

მოხსენების შესახებ:

ლიკა ჯალაღანიას მოხსენება მის სადისერტაციო ნაშრომს ეფუძნება, რომელიც სწავლობს დასავლეთ საქართველოში ადგილობრივად აღმოცენებულ გარემოსდაცვით ერთობას – რიონის ხეობის მოძრაობას. მოხსენება ყურადღებას მიაპყრობს მოძრაობის საპროტესტო ისტორიის ფარგლებში გამოყენებულ ინფრასტრუქტურას, რითიც წარმოაჩენს მატერიალური საგნების სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებას და ხაზს უსვამს მათ არამხოლოდ სიმბოლურ, არამედ აქტიურ მონაწილეობასაც  წინააღმდეგობაში. არჯუნ აპადურაის (1986) „მოძრავი საგნების“ ცნების და ჯეინ ბენეტის (2004) მატერიალისტური პერსპექტივის საფუძველზე, ტექსტი იკვლევს, თუ როგორ ფუნქციონირებს ძალაუფლება საპროტესტო ნივთების გავლით – როგორ იძენენ სხვადასხვა ნივთები სიცოცხლისუნარიანობას, აფექტურობასა და პოლიტიკურ დატვირთვას მოცემულ დროსა და სივრცეში. პროტესტის მონაწილეებთან ეთნოგრაფიული შეხვედრებისა და ნივთების, როგორც მატერიალური და აფექტური ინფრასტრუქტურის ანალიზის საშუალებით, კვლევა აჩვენებს, თუ რა როლი უკავიათ საპროტესტო ნივთებს კოლექტიურის, წინააღმდეგობის, და სოლიდარობის მშენებლობაში.

მომხსენებლის შესახებ:

ლიკა ჯალაღანია საერთაშორისო სამართლის მაგისტრი და სამართლის ბაკალავრია. ამჟამად, ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე „კარავის მოგზაურობა: რიონის ხეობის მოძრაობა და პროტესტის ინფრასტრუქტურა“. ლიკას კვლევითი ინტერესებია სამართლის და პოლიტიკის ანთროპოლოგია, პროტესტის და ფემინისტური ანთროპოლოგია.

ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ფოტო: ლიკა ჯალაღანია

სიახლეები