23 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ესმა ბერიკიშვილის კვლევას „მარადიული დაპირებების ქალაქი – დაკარგული ინფრასტრუქტურის აფექტი და არაფორმალური ეკონომიკური პრაქტიკები ქალაქ ფოთში“.
მოხსენების შესახებ:
ესმა ბერიკიშვილის მოხსენება მის სადისერტაციო ნაშრომს ეფუძნება, რომელიც 2003 წლის ‘ვარდების რევოლუციის’ შემდეგ, ფოთის საპორტო ქალაქში ნეოლიბერალური ინფრასტრუქტურული ტრანსფორმაციების შედეგად გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური და აფექტური გავლენების ეთნოგრაფიულ კვლევას წარმოადგენს. საზღვაო ინფრასტრუქტურის პრივატიზაციისა და მისი თანმდევი გაუცხოების დეტალური შესწავლის გზით, კვლევა ცდილობს აჩვენოს რღვევები ადგილობრივ იდენტობებში, ეკონომიკასა და აფექტურ ლანდშაფტებში. დეტალური ეთნოგრაფიული ანალიზის მეშვეობით, რომელიც ფოკუსირებულია არაფორმალურ საზღვაო ეკონომიკურ პრაქტიკებზე – მათ შორის თევზაობაზე, თევზის შრობაზე და ჯართის შეგროვებაზე – დისერტაცია წარმოისახავს ამ პრაქტიკებს როგორც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ჩართულობასა და ნეოლიბერალურ გარიყულობასთან წინააღმდეგობის აქტებს.
მომხსენებლის შესახებ:
ესმა ბერიკიშვილმა 2009 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით. ამჟამად მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე „მარადიული დაპირებების ქალაქი – დაკარგული ინფრასტრუქტურის აფექტი და არაფორმალური ეკონომიკური პრაქტიკები ქალაქ ფოთში” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ბოლო წლების მანძილზე ესმა აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა აკადემიურ და კვლევით ორგანიზაციასთან. მისი აკადემიური ნაშრომები განიხილავს ურბანულ ცვლილებებს, სუბკულტურებს და სოციალურ მოძრაობებს. ესმას კვლევითი ინტერესები მოიცავს ურბანულ ანთროპოლოგიას, აქტივიზმს, არაფორმალურ და ყოველდღიურ ეკონომიკურ პრაქტიკებს, შავ ზღვის რეგიონს და ვიზუალურ ანთროპოლოგიას.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ფოთის ნავსადგური. დიმიტრი ერმაკოვის კოლექცია, 1880-1900 წლები.