25 აპრილს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ გარემოს პოლიტიკის მკვლევრის გიორგი ცინცაძის კვლევით პროექტს სახელწოდებით “საქართველოს ბუნება, როგორც სამეცნიერო შესწავლის საგანი”.
მოხსენების აღწერა:
დაკვირვება ბუნებრივ გარემოზე უკავშირდება და მოიცავს დაკვირვებას ხალხზეც, თუმცა, ეთნოგრაფიული თუ ანთროპოლოგიური ცოდნისგან განსხვავებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებული ცოდნა და მონაცემები ნაკლებად და იშვიათად ექვემდებარება კრიტიკულ ისტორიულ კვლევას. როდის ხდება საქართველოს ბუნება – მისი გეოლოგია, ეკოლოგია, ჰიდროლოგია და სხვა – სამეცნიერო შესწავლის საგანი? რა მიზნით, მეთოდოლოგიით და ინსტიტუციური პრაქტიკებით გროვდებოდა და გროვდება მონაცემები და ცოდნა მის შესახებ? რა ამოძრავებს შესწავლის ამ პროცესს და რა მიმართებაშია ის პოლიტიკურ რეჟიმებსა და მათ ცვლილებებთან?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გულისხმობს ეკოლოგიური ცოდნის ისტორიზებას, მის დაკავშირებას რეგიონის ცვალებად პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტთან. მეცხრამეტე საუკუნეში სამხრეთ კავკასიისკენ მიპყრობილი იმპერიული მზერა განსხეულდა სამეცნიერო ინსტრუმენტებსა და ინსტიტუტებში, რომლებმაც დაიწყეს დაკვირვება ადგილობრივ ლანდშაფტსა და ეკოლოგიაზე. მოგვიანებით, საბჭოთა მეცნიერებამ შეითვისა, უარყო ან განავრცო იმპერიულ ეპოქაში დაგროვებული ამ ემპირიისა და თეორიის სხვადასხვა ნაწილი. დღეს, სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში შექმნილი ცოდნა საქართველოს ბუნების შესახებ მრავალშრიან ეპისტემურ პალიმფსესტს ქმნის, რომლის გაგებაც აუცილებელია დღევანდელი სოციოეკოლოგიური პროცესების გასაგებად.
რა ტიპის ისტორიულ ანალიზს შეიძლება დაექვემდებაროს ცოდნა საქართველოს ბუნებაზე და რა მასალას, ლიტერატურას და მეთოდებს შეიძლება დაეყრდნოს ასეთი კვლევა? მოხსენება სადოქტორო პროექტის ნაწილია, რომელიც ბუნებაზე დაკვირვების ისტორიას იკვლევს. არსებულ მეორად ლიტერატურაზე დაყრდნობით, მოხსენება ყურადღებას გაამახვილებს დასმული შეკითხვის მეთოდოლოგიურ და თეორიულ განზომილებებზე.
მომხსენებლის შესახებ:
გიორგი არის კორნელის უნივერსიტეტის გარემოს მეცნიერებებისა და ბუნებრივი რესურსების ფაკულტეტის კურსდამთავრებული. 2017 წელს სწავლა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, გარემოს მეცნიერებებისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა. მისი კვლევითი და ჟურნალისტური ინტერესები კლიმატის ცვლილებას, “რესურსების წყევლისა” და მწვანე კრიტიკულ თეორიებს ეხება. 2019-2022 წლის გაზაფხულამდე გიორგი სოციალური სამართლიანობის ცენტრში გარემოსდაცვით და სოციალურ პროექტებზე მუშაობდა. ამჟამად აფილირებულია სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტთან. მისი კვლევითი საქმიანობა ცდილობს ეკოლოგიური წუხილები ძალაუფლებრივ, ისტორიულ და პოლიტიკურ პროცესებს დაუკავშიროს.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრიაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე.
