Search

ინსტიტუტის თანამშრომლები საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, გერმანელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად, 24 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე მონაწილეობა მიიღეს საზაფხულო სკოლაში „Decolonizing Eastern Europe,“ რომელსაც დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტმა უმასპინძლა. საზაფხულო სკოლის სტუდენტებს და მიწვეულ ლექტორებს შორის იყვნენ სოციალური და კულტურის კლვევების ინსტიტუტის თანამშრომლები – გიორგი ჯავახიშვილი და თამარ ქებურია.


საზაფხულო სკოლის ძირითადი სამუშაო თემა იყო აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ისტორია, იმპერიალიზმი და ნაციონალობა და მათი რეგიონალური ფორმაციები. სკოლის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა დეკოლონიური თეორიის არსზე, ცოდნის დეცენტრალიზების შესაძლებლობებსა და დეკოლონიური მიდგომების გამოყენების სპეციფიკაზე რეგიონალურ კონტექსტში. საზაფხულო სკოლის პროგრამის თემატური ბლოკები შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა მე-19 და მე-20 საუკუნის რუსეთის იმპერიული პოლიტიკა, საზღვრები და მიკუთვნებულობა, ნაციონალიზმი, ცოდნისა და ეპისტემოლოგიის დეკოლონიური წაკითხვა, სუბალტერნი ჯგუფები და ამ ჯგუფების კვლევასთან დაკავშირებული გამოწვევები. ქართველმა სტუდენტებმა, უკრაინელ და გერმანელ სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ განხილვებში, შეასრულეს პრაქტიკული დავალებები და დაამუშავეს თანამედროვე აკადემიური ლიტერატურა.

საზაფხულო სკოლამ უმასპინძლა როგორც დახურულ სამუშაო შეხვედრებს, ასევე ღია ღონისძიებას, რომლის მთავარი თემა ჰიტლერ-სტალინის (ე.წ. მოლოტოვ-რებენტროპის) პაქტის დეკოლონიური წაკითხვა და შეფასება იყო. ჩატარდა ორი პრაქტიკული სამუშაო შეხვედრა – „მოგზაურთა ჩანაწერები როგორც წყარო: გამოწვევები და შესაძლებლობები,“ და „ზეპირი ისტორია, როგორც წყარო და მეთოდი“, სადაც სტუდენტებმა იმუშავეს პირველად წყაროებთან და მიიღეს მოცემული წყაროების კრიტიკულად განხილვის გამოცდილება.

საზაფხულო სკოლა გაიმართა დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს (გერმანია), იური ფედკოვიჩის სახელობის ჩერნივცის ეროვნული უნივერსიტეტისა (უკრაინა) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების თანაორგანიზებით.