17 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე წარგვიდგენს თავის სადოქტორო კვლევას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალური პოლიტიკის შესახებ.
მოხსენების შესახებ:
დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალური პოლიტიკის შესახებ ირაკლი ირემაძის კვლევას ოთხი ძირითადი განზომილება აქვს: 1. შრომის საკითხი და მუშათა მდგომარეობა, 2. სოციალური დაცვის ქაოტური სისტემა, 3. საყოველთაო განათლება როგორც სოციალური ტრანსფორმაციის მექანიზმი, 4. აგრარული რეფორმა.
1918-1921 წლებში არაერთი ევროპელი სოციალისტი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ საქართველო იყო რეფორმების ლაბორატორია. თავად რეფორმების ფარგლებში კი სოციალურ პოლიტიკას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. მწირი რესურსების, განგრძობადი საგარეო საფრთხეების და საშინაო კონფლიქტების, მსოფლიო და სამეზობლო ომების გამოწვევების კვალდაკვალ რესპუბლიკის მთავრობამ 1028 დღის განმავლობაში სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება და ერთგვარი გარღვევაც კი შეძლო, განსაკუთრებით განათლების და აგრარული რეფორმის მიმართულებით.
კოლოკვიუმის ფარგლებში მომხსენებელი წარმოადგენს თავისი კვლევის მიმოხილვას და ისაუბრებს რესპუბლიკის სოციალური პოლიტიკის ძირითად ასპექტებზე.
მომხსენებლის შესახებ:
ირაკლი ირემაძე არის კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის – კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოპოვებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის ხარისხი, ამჟამად კი ამავე უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტია. ის მიწვეული ლექტორის სტატუსით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ლექციებს კითხულობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში იყო კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. 2020
წლიდან არის საქართველოს გაეროს ასოციაციის მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის კოორდინატორი და სპიკერი. 2015-2019 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელ ცენტრს. მისი კვლევის ინტერესი ძირითადად XIX-XX საუკუნის მიჯნის სოციალურ და პოლიტიკურ მოძრაობებს, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.