7 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ისტორიკოს სემუელ კოგშელის კვლევით პროექტს “ბრიტანული ოკუპაციის რეჟიმი საქართველოში 1919-1920 წლებში”.
მოხსენების შესახებ:
მოხსენებაში განხილულია ბრიტანეთის სამოქალაქო და სამხედრო საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1919-1920 წლებში. 1919 წელს საქართველოში დაახლოებით 20 000 ბრიტანელი ჯარისკაცი განთავსდა. ახალი არქივები და ადგილობრივი ჩანაწერები აცოცხლებს რუსეთის იმპერიიდან აღმოცენებულ ეროვნულ სახელმწიფოებში ბრიტანეთის იმპერიული ექსპანსიის ამ მივიწყებულ ეპიზოდს.
ზავის შემდგომი პერიოდი, ანუ “გრძელი” პირველი მსოფლიო ომი, ხასიათდებოდა ბრიტანეთის იმპერიული გაფართოებით ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე. ამ გაფართოების დროს ბრიტანეთმა გამოიყენა სახელმწიფოებრიობისა და იმპერიული მმართველობის ახალი ფორმები, როგორიცაა მანდატების სისტემა. ოკუპაციის როლი ბრიტანეთის ძალაუფლების გაფართოებაში და ბრიტანეთის ინტერვენცია ყოფილ რუსეთის იმპერიაში, ნაკლებად არის დოკუმენტირებული და თეორეტიზებული. ეს მოხსენება ამტკიცებს, რომ ბრიტანეთის ოკუპაციის მთავარი ამოცანა კავკასიაში, საქართველოში სოციალური წესრიგის შენარჩუნება და საქართველოს ტერიტორიის საბჭოთა სახელმწიფოს შესაკავებლად გამოყენება იყო.
მომხსენებლის შესახებ:
სემ კოგშალი თანამედროვე ევროპის ისტორიკოსია. იგი გვიან იმპერიულ რუსეთსა და ადრეულ საბჭოთა კავშირს იკვლევს. ამჟამად, ის რუსეთის და საბჭოთა ისტორიის მიწვეული ასისტენტ პროფესორია ჩრდილოეთ კაროლინას ვილმინგტონის უნივერსიტეტში. 2023 წელს სემმა მიიღო ისტორიის დოქტორის წოდება კოლუმბიის უნივერსიტეტში. იგი მუშაობს წიგნზე, რომელიც ადგილობრივი საბჭოთა და ბრიტანელი იმპერიული თანამდებობის პირების როლს იკვლევს ეროვნული ტერიტორიების შექმნაში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
სამუშაო ენაა ინგლისური.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
წყარო: ბრიტანეთის ეროვნული არქივი