28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ ლიანა კუპრეიშვილის კვლევას “ძველი თბილისის ბარდაკები, ბალაგანები და უნამუსოები”.
მოხსენების შესახებ:
პროსტიტუცია, ლეგალიზებული რუსეთის იმპერიაში 1843 წელს, საქართველოში თვალშისაცემ ფენომენად მე-19 ს. 80-იანი წლებიდან იქცა, როდესაც თბილისის უბნების დუქნებსა და ბაღებს თავშეფარებული „უნამუსოების“ აღრიცხვაზე აყვანა და სამედიცინო შემოწმება დაიწყო. კვლევა განიხილავს, თუ როგორ მოხდა საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში პროსტიტუციის, როგორც ურბანული ცხოვრების განუყოფელი ელემენტის კონცეპტუალიზაცია. ისტორიის ეს პერიოდი იყო საზოგადოებაში ცვლილებებით გამოწვეული პანიკის ხანა, როდესაც სოციალური საფრთხეების აღქმა და მორალური შეხედულებები განსაკუთრებით იყო გამძაფრებული. სხეულით ვაჭრობა განიცდიდა მეტამორფოზას და სექსუალური მომსახურების სფერო იმპერიის მიერ კოლონიზებულ ქვეყნებში დევიანტურიდან სახელმწიფოს მიერ ნორმალიზებულ ფენომენად იქცა. გეოგრაფიულ ფოკუსად აღებულია კავკასიის ადმინისტრაციულ ცენტრი, გვიანიმპერიული პერიოდის თბილისი.
მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთი ევროპის მეძავებით მომმარაგებელ ერთ-ერთ სახელმწიფოდ იყო შერაცხული. ეს „ხელობა“ კოლონიზებულ საქართველოში შრომით მიგრაციაში მოყოლილმა მეძავებმა ჩამოიტანეს და იმპერიის პოლიტიკური და სამართლებრივი ნაბიჯების წყალობით მოიკიდა ფეხი.
რუსეთის ქვეშევრდომობის პერიოდში, საქართველოს ქალაქებში არსებული მარგინალური ჯგუფების შესახებ ცოტა რამ თუ დაწერილა; სამეცნიერო ნაშრომები თბილისში პროსტიტუციისა თუ სიფილისთან ბრძოლის შესახებ თითქმის არ არსებობს. კვლევა წარმოაჩენს და აანალიზებს, როგორ იყო მე-19 საუკუნის თბილისის ურბანულ გადანაწილებასა და ძალაუფლებით ურთიერთობებში ინკორპორირებული გენდერის ფაქტორი.
მომხსენებლის შესახებ:
ლიანა კუპრეიშვილმა, ახლახანს დაიცვა დოქტორის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინოვაციური დისერტაციით „დახურულ დარაბებს მიღმა: პროსტიტუცია წინარევოლუციურ თბილისში (1876-1917წწ)“. მისი კვლევა ახლებურად განიხილავს პროსტიტუციის სოციალურ და იურიდიულ ასპექტებს, ახდენს მარგინალიზებული თემების ისტორიულ ანალიზს საქართველოს დედაქალაქის ურბანულ სივრცეებში.
ლიანას მდიდარი აკადემიური გამოცდილება მოიცავს მუშაობას ლაიბნიცის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტში (IOS) რეგენსბურგში. მან უხელმძღვანელა ინტერდისციპლინარულ კვლევით პროექტს, რომელიც ფოკუსირებული იყო ურბანულ ეთიკაზე, სოციალურ სამართლიანობასა და პროსტიტუციის დე/კრიმინალიზაციაზე თბილისში. ის აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და მისი სტატიები გამოქვეყნებულია ისეთ თემებზე, როგორიცაა ურბანული ეთიკა, გენდერი და სექსუალური ჰიგიენა.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.