Search

კოლოკვიუმი: საქართველოს ეროვნული ბანკის შექმნა 1990-იან წლებში: ისტორიული მემკვიდრეობის და ცვლილების ცნებობრივი გადააზრება / ია ერაძე

11 აპრილს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი, რომელზეც განვიხილავთ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორის, ია ერაძის კვლევას, სახელწოდებით “საქართველოს ეროვნული ბანკის შექმნა 1990-იან წლებში: ისტორიული მემკვიდრეობის და ცვლილების ცნებობრივი გადააზრება”.

მოხსენების აღწერა:

ია ერაძის მოხსენება მის სტატიას დაეყრდნობა (The Making of the Central Bank of Georgia in the 1990s: Conceptualizing Change and Historical Legacies), რომელიც გამოქვეყნდება გერმანულ რეფერირებად ჟურნალში Jahrbücher für Geschichte Osteuropas. ნაშრომი განიხილავს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირველ წლებს საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციონირების ანალიზის კვალდაკვალ, 1993-1994 წლების ჰიპერინფლაციის კონტექსტში. ამასთან, სტატია ცვლილების და ისტორიული მემკვიდრეობის ახლებურ კონცეპტუალიზაციას გვთავაზობს. კვლევის მიზანია პასუხი გასცეს კითხვას – როგორ გარდაიქმნა საქართველოს ცენტრალური ბანკი პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პროცესში და როგორ შეიძინა მან ახალი მნიშვნელობა? ლაკლაუს და მუფის დისკურსის თეორიაზე დაყრდნობით, ეროვნული ბანკი წარმოჩენილია, როგორც მცურავი ნიშნული (floating signifier), რომელიც სოციალიზმის მემკვიდრეობას და მარკეტიზაციის ლიბერალურ იმპერატივს შორის გახლეჩილ სუბიექტად (split subject) გადაიქცა.

ცენტრალური ბანკის ისტორიის ხელახლა წაკითხვით, ეს ნაშრომი ანალიზებს როგორც ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ პრაქტიკებსს, ისე იდეებს და დებატებს მისი ფუნქციების შესახებ, 1991 წლიდან 1994 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამის დაწყებამდე. სტატიაში ეს პერიოდი წარმოჩენილია, როგორც ღიაობის პერიოდი საბჭოთა სტრუქტურის დაშლის შემდეგ, რომელშიც ეროვნული ბანკის ახალი მნიშვნელობისთვის ჰეგემონიური ბრძოლა მიმდინარეობდა. 1993-1994 წლების ჰიპერინფლაცია კი ამ გარდამტეხი ბრძოლის ანალიზის მთავარ კონტექსტს წარმოადგენს.

ბიოგრაფია:

ია ერაძე არის ასოცირებული პროფესორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და მკვლევარი სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტში, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში. იას კვლევის სფეროა ფინანსური სექტორის (ისტორიული) პოლიტიკური ეკონომია და სახელმწიფოს თეორიები პოსტსოციალისტურ სივრცეში. დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, ია მუშაობდა მკვლევრად ლაიბნიცის ინსტიტუტის თანამედროვე ისტორიის ცენტრში, პოტსდამში. იგი ასევე გახლდათ მიწვეული მკვლევარი ჰარვარდის უნივერსიტეტში, ტრინიტი კოლეჯში, ვენის უნივერსიტეტსა და Sciences Po-ში. ია არის ავტორი მონოგრაფიისა Unravelling Dollarization Persistence: the case of Georgia (Routledge, 2023) და თანაავტორი წიგნისა At the expenses of others? How the imperial mode of living prevents a good life for all (Oekom Verlag, 2019). იას სტატიები გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში (Cambridge Journal of Economics, Globalizations, Jahrbücher für Geschichte Osteuropas, Caucasus Analytical Digest) და საერთაშორისო გამომცემლობების წიგნებში (Edward Elgar Publishing).

ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

ფოტო: საქართველოს რესპუბლიკა, N275, 31 დეკემბერი, 1993.