28 მარტს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი. სემინარზე ალექსანდრა აროშვილი წაიკითხავს მოხსენებას, სახელწოდებით: ჰიდროენერგეტიკის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურული ძალადობა საქართველოში.
მოხსენების აღწერა:
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ენერგეტიკა უფრო და უფრო მეტად განიხილება საქართველოში, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ბოლო წლებში, ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი და მისი ენერგოჰაბად ქცევის იდეა მთავრობის რიტორიკაში ეკონომიკური განვითარების ხერხემლად გვევლინება. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე წარმოქმნილი ენერგოკრიზისის შემდეგ, მუშაობა დაიწყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის კვლევებზე, რომლის ფარგლებშიც საქართველომ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტერიტორიების გავლით, კავკასიიდან ევროპას ელექტროენერგია უნდა მიაწოდოს. განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროკაბელი. ამ ეტაპზე, იდეის ავტორი ქვეყანა – საქართველო, მოაზრებულია როგორც მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა. თუმცა, მთავრობა ამ შესაძლებლობას განიხილავს, როგორც საქართველოს ენერგოექსპორტიორ ქვეყნად ქცევის წინაპირობას. სწორედ ამიტომ, ახალი ენერგოობიექტებისა და ქვესადგურების მშენებლობასთან ერთად, მთავრობა ააქტიურებს ისეთ გიგანტურ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებსაც, რომლებიც შეჩერებულია ადგილობრივ მოსახლეობებთან და სამეცნიერო/აქტივისტურ წრეებთან მწვავე კონფლიქტების გამო.
ალექსანდრა აროშვილის მოხსენება ეკონომიკური დაგროვების რეჟიმებს განიხილავს, საქართველოს უახლეს ისტორიაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბოლო დროს ჩამოყალიბებულ ექსტრაქტივისტულ რეჟიმს, რომელიც ყველაზე თვალსაჩინოდ წყლის რესურსის მაქსიმალური ათვისების პოლიტიკაში აისახება. მის რამდენიმე პუბლიკაციასა და მიმდინარე კვლევით პროექტზე დაყრდნობით („ექსტრაქტივისტული ოპერაცია წყალზე და მისი სოციალური უკუეფექტები: შეტევა სიცოცხლეზე“, 2022; „მსხვერპლშეწირვის ზონები საქართველოში: მოპოვება და ენერგეტიკა“, 2023; “Sketched by the Rivers – Mapping New Geographies of Energy and Power“ ), ალექსანდრა ისაუბრებს ამ პოლიტიკის სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ უკუეფექტებზე და ასევე იმაზე, თუ რა საფრთხე ემუქრება საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში, წყლის რესურსის სიუხვით, ენერგოექსპორტიორ ქვეყნად პოზიციონირების შემთხვევაში. მოხსენება უტრიალებს კითხვას, თუ რა მიმართებაშია არსებული ჰიდროენერგოპოლიტიკა საქართველოს ჰიდროენერგეტიკის 100-წლიან ტრადიციასთან და ეფუძნება დაშვებას, რომ ეს ორიენტირი საქართველოს „რესურსების წყევლის“ მდგომარეობაში აგდებს, მაკროეკონომიკური, ეკოლოგიური თუ სოციალური თუ სამართლებრივი პარამეტრებით.
ბიოგრაფია:
ალექსანდრა აროშვილი დამოუკიდებელი მკვლევარია. მისი კვლევის ინტერესია სოციალური პოლიტიკა, პოლიტიკური ეკონომია, პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაცია, არაფორმალური და ატიპიური შრომა, მიგრაციები, ექსტრაქტივიზმი და ეკოლოგია. წლების განმავლობაში იგი იყო სხვადასხვა სოციალური მოძრაობებისა და საზოგადოებრივი კამპანიების დამფუძნებელი, რამდენიმე ონლაინ-გამოცემის რედაქტორი და სხვადასხვა გამოცემების მიწვეული ავტორი.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ფოტო: ენგურჰესი, 2019. ალექსანდრა აროშვილის ფოტო