21 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი. სემინარზე განვიხილავთ გოტინგენის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის, ანა ლოლუას კვლევას, სახელწოდებით „მატერიალური კულტურა, გარემო და წინააღმდეგობრივი კურატორული პრაქტიკები მე-19 საუკუნის მიწურულიდან 1930-იანი წლების ჩათვლით: სვანეთის მაგალითი“.
მოხსენების აღწერა:
1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა კავშირში რუსთაველის 750 წლის იუბილისათვის მზადება დაიწყო; განსაკუთრებული ზარზეიმით კი საიუბილეო თარიღი რუსთაველისა და სტალინის სამშობლოში აღინიშნა. თანამედროვე ქართულ და უცხოურ ისტორიოგრაფიაში ეს მოვლენა სტალინის კულტის განმტკიცების კონტექსტშია განხილული და მისი გაანალიზებისას ძირითადი ყურადღება დისკურსების კვლევისაკენ არის მიმართული. თუმცა, ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა მატერიალური კულტურის ახლებური გააზრებისა და მასთან დაკავშირებული პრაქტიკების კუთხითაც: იყო ეს პროფესიული არქეოლოგიის განვითარება, თუ სამუზეუმო კოლექციების გადასინჯვის მცდელობები. მოხსენების მიზანია აქცენტის მატერიალურ კულტურაზე, როგორც წინააღმდეგობების ველზე გადმოტანა. აღნიშნული პერიოდის სვანეთის მუზეუმის მაგალითი კარგად აჩვენებს ამ ახალი ეპისტემოლოგიური წესრიგის დამკვიდრების თანმხლებ გამოწვევებს, ცენტრისაგან მოშორებით. ადგილობრივი თემები ზემო სვანეთში განაგრძობდნენ საკუთარ გარემოსთან და ახლა უკვე შუა საუკუნეების საისტორიო წყაროებად კანონიზებულ ნივთებთან ურთიერთობის ტრადიციულ პრაქტიკებს. თუმცა, საბჭოთა მოდერნიზაციის პროექტისადმი სვანეთის მოსახლეობის დამოკიდებულება ერთგვაროვანი არ ყოფილა. მოხსენება ასევე უღრმავდება არტეფაქტებს ისტორიულ ჭრილში, რათა აჩვენოს, თუ როგორ რაზმავდნენ ისინი თავიანთ გარშემო განსხვავებულ აქტორებს მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული და რა გამოძახილი ჰპოვა ამ პროცესებმა საბჭოთა ეპოქაში.
ბიოგრაფია:
ანა ლოლუა გოტინგენის უნივერსიტეტისა (Georg-August Universität Göttingen) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესებია მატერიალური კულტურის ისტორია, მეცნიერების ისტორია საბჭოთა კავშირში და პოსტკოლონიური მუზეუმი.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
