23 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, ონლაინ რეჟიმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმის მორიგი შეხვედრა. სემინარს წარუძღვება საქართველოს თანამედროვე ისტორიის მაგისტრი ქეთევან სართანია, მოხსენებით “პროტესტი საბჭოთა საქართველოში – 1978-1991 წლებში“.
მოხსენების აღწერა:
მოხსენება შეეხება საბჭოთა საქართველოში ქუჩის საპროტესტო დემონსტრაციებს (მიტინგებს) 1978 წლიდან 1991 წლამდე და მათ როლს სახელმწიფო დამოუკიდებლობის იდეის ჩამოყალიბებაში. მოხსენებაში განხილული იქნება დემონსტრაციები, რომლებიც ჩამოყალიბდა როგორც ქართული ეროვნული ცნობიერებისა და მისი იდენტობის კონსტრუირების მთავარი სცენა. ამ სცენაზე განვითარებული საპროტესტო დემონსტრაციების ანალიზისადმი გრძელვადიანი მიდგომა (longue durée) აჩვენებს, რომ თითოეული მათგანი იყო არა მხოლოდ ფაქტი, არამედ ისტორიული მოვლენაც, რომელიც მნიშვნელობას უცვლის სხვა, წინმსწრებ თუ შემდგომ ისტორიულ მოვლენებსა და თარიღებს, და საბოლოოდ, განსაზღვრავს დამოუკიდებლობის ხედვას.
ქუჩის დემონსტრაციების პიკი 1989 წლის 9 აპრილია, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ერის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის იდეა და შესაძლებელი გახადა წარსულის ინტერპრეტაცია, როგორც ქართველი ერის უწყვეტი ბრძოლისა და თავგანწირვის გზა. მოვლენების კულმინაციას 1991 წელს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა შეადგენს.
ბიო:
ქეთი სართანიამ 2023 წელს დაამთავრა საქართველოს თანამედროვე ისტორიის მაგისტრატურის პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი კვლევითი გამოცდილება შეეხება საქართველოს უახლეს ისტორიას: საპროტესტო მოძრაობებსა და დამოუკიდებლობის ნარატივებს. მისი კვლევითი ინტერესებია: საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ისტორია, სოციალური და დისიდენტური მოძრაობები, ნაციონალიზმი, ნაციონალისტური მოძრაობები, სოციალური და საპროტესტო მოძრაობები.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
