Search

პრეზენტაცია: ნინო აივაზიშვილი-გენეს წიგნი “მოქალაქეობა საზღვარზე. ქართულენოვანი ინგილოები აზერბაიჯანში”, 3 ნოემბერი, 19 საათი, ეროვნული ბიბლიოთეკა

3 ნოემბერს, 19 საათზე, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ეგიდით გაიმართება ანთროპოლოგ ნინო აივაზიშვილი-გენეს წიგნის “მოქალაქეობა საზღვარზე. ქართულენოვანი ინგილოები აზერბაიჯანში” პრეზენტაცია. ავტორთან დიალოგს წარუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ანთროპოლოგი ქეთევან გურჩიანი.  

წიგნის შესახებ:

ნინო აივაზიშვილი-გენეს წიგნი გერმანულად გამოსცა სამეცნიერო გამომცემლობამ Reichert Verlag და ის ეთნოგრაფიულად იკვლევს, ერთი მხრივ, სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ზოგად ურთიერთობას აზერბაიჯანში და, მეორეს მხრივ, კონკრეტული ეთნიკური უმცირესობის სტატუსის როლს ამ – ნაწილობრივ ქრისტიანული, ნაწილობრივ მუსლიმური – ჯგუფის ცხოვრებაში. კვლევა ყურადღებას ამახვილებს წარმომადგენლობის პრობლემაზე და სვამს კითხვებს: ვინ იკავებს ეთნიკური ჯგუფის ხელმძღვანელობის პოზიციას?  ვინ საუბრობს უმცირესობაზე და ლეგიტიმაციის რა სტრატეგიების მეშვეობით? როგორ ხდება აზერბაიჯანის სახელმწიფოს სტრუქტურებში ინგილოთა ინტეგრაცია? რა ფორმებს და მნიშვნელობებს იძენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქალაქეობა?

ავტორის შესახებ:

ნინო აივაზიშვილი-გენე არის ვენის უნივერსიტეტის ტრანსფორმაციის ისტორიის კვლევითი ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი. მან დოქტორის ხარისხი სოციალურ ანთროპოლოგიაში მარტინ-ლუთერის უნივერსიტეტიდან (ჰალე-ვიტენბერგი) მიიღო. სადოქტორო პროექტი დააფინანსა გერდა-ჰენკელის ფონდმა. პარალელურად ნინო იყო მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული წევრი ჰალეში. 2015-2018 წლებში ნინო მუშაობდა სოციალურ და საგანმანათლებლო სექტორში ლტოლვილებთან და მიგრანტთა ორგანიზაციებთან ვუპერტალსა და ესენში (გერმანია). 2018 წლიდან 2020 წლამდე ის იყო ლექტორი ბოხუმის რურის უნივერსიტეტში, სადაც ასწავლიდა საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს პოლიტიკურ ანთროპოლოგიაში, საზღვრების ანთროპოლოგიაში, მოქალაქეობასა და ეთნოგრაფიულ საველე სამუშაოში.  2020 წლიდან ნინო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრია. 2021 წლის მარტიდან ის აგრეთვე მუშაობს ვენის უნივერსიტეტში. 2021 წელს ნინო იყო ოსნაბრიუკში (გერმანია) მიგრაციის კვლევისა და კულტურათაშორისი კვლევების ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი, ხოლო 2022 წელს ბირმინგემის (დიდი ბრიტანეთი) გერმანული და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერი. თავის ამჟამინდელ პროექტში „‘კარგი ცხოვრების ძიება’ გერმანიაში” ნინო ყურადღებას ამახვილებს ყოფილი სსრკ-ს ხალხზე ქალაქ ოსნაბრიუკში, რაც მისი მეორე წიგნის თემა იქნება. ნინოს პუბლიკაციები მოიცავს მოქალაქეობის, საზღვრების, ეთნიკური კუთვნილების, მიგრაციის, საზოგადოებრივი და რელიგიური ცერემონიების საკითხებს.

ღონისძიება გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის (გუდიაშვილის ქ. 7) მიწისქვეშა სართულზე მდებარე აუდიტორიაში.