26 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე, ონლაინ რეჟიმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმის მორიგი შეხვედრა. სემინარს წარუძღვება კულტურის კვლევების დოქტორი ქეთევან ეფაძე, მოხსენებით “კონფლიქტური იდენტობების ფორმირება ქართველებსა და აფხაზებს შორის საბჭოთა ეროვნული პოლიტიკის კონტექსტში“.
მოხსენების აღწერა:
კვლევა აანალიზებს საბჭოთა პერიოდის ქართულ და აფხაზურ ისტორიულ ნარატივებში შეუთავსებელი ეროვნული იდენტობის პროექტების ჩამოყალიბებას. ავტორი სტალინურ და პოსტ-სტალინურ პერიოდში შექმნილ ისტორიულ ნარატივებს სწავლობს და აჩვენებს, რომ 1930-იანი წლებიდან, ეთნიკურობის კატეგორიის ინსტრუმენტალიზაციით საბჭოთა ხელისუფლებამ საბჭოთა საქართველოში, სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, ეთნიკური ნაციონალიზმი წაახალისა, რამაც, ცალკეულ შემთხვევებში, დისკურსის რადიკალიზაციით იჩინა თავი. ამ პროცესმა წარმოშვა დებატები ქართულ და აფხაზ საზოგადოებებს შორის 1950-იანი წლების ბოლოდან და ხელი შეუწყო კონფლიქტური იდენტობების ფორმირებას გვიანდელ პერიოდებში. ემპირიული ანალიზისთვის ქართველ და აფხაზ ავტორთა ტექსტებია გამოყენებული, რომლებიც შუა საუკუნეების პერიოდს ეხება და საბჭოთა საქართველოში იდენტობის ჩამოყალიბების გავლენიან მედიუმებს წარმოადგენდა. ისინი ერებს შორის საზიარო წარსულის შესახებ მოგვითხრობს. თუმცა, ამასთანავე, განსხვავებულად წარმოაჩენს ქართველთა და აფხაზთა რაობას ისტორიული განვითარების მანძილზე. ავტორთა ინტერპრეტაციებში იკვეთება კონფლიქტური ხაზები ჯგუფების განსახლების და მათ შორის ურთიერთკავშირის შესახებ, რაც ქმნის სადაო არგუმენტებს ეროვნული იდენტობის მთავარ კომპონენტებზე – წინაპრებსა და ტერიტორიაზე.
ბიო:
ქეთევან ეფაძე კოლექტიური მეხსიერებისა და იდენტობის მკვლევარია. კულტურის კვლევების დოქტორის ხარისხი 2023 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო ისტორიის მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში 2018 წელს. მისი ინტერესის სფეროა მეხსიერებისა და იდენტობის ფორმირება რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის პერიფერიებზე, ასევე პოსტ-საბჭოთა პერიოდის ტრავმატოგენული ცვლილებები.
ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
