Search

კოლოკვიუმი: კატასტროფა სუბტროპიკებში – ომი და მეხსიერება ქართულენოვან ლიტერატურასა და კინოში / ირინე ბერიძე

12 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე, ონლაინ რეჟიმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის რიგით პირველი კოლოკვიუმი შემოდგომის სემესტრში. სემინარზე განვიხილავთ ირინე ბერიძის კვლევით პროექტს „კატასტროფა სუბტროპიკებში – ომი და მეხსიერება ქართულენოვან ლიტერატურასა და კინოში“.  

კვლევა შეისწავლის სამხრეთ კავკასიაში, პოსტსაბჭოთა ომების და ლტოლვილობის ტრავმული გამოცდილების გადმოცემას ქართულ კინოსა და ლიტერატურაში. ეს გამოცდილება ხშირად საბჭოთა იმპერიის ყოფილი პერიფერიების უხილავ კატასტროფებად მოინიშნება. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ სხეულში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გამოცდილება ტრავმულად არის ჩაწერილი. ამასთან, ის მჭიდროდ არის გადაჯაჭვული სპეციფიკურ გეოგრაფიულ და ეკოლოგიურ გარემოსთან. ომის გამოცდილების მხატვრული ლიტერატურის თუ კინოს ფორმატში გადააზრების მცდელობაში აფხაზეთის სუბტროპიკული ლანდშაფტი, სპეციფიკური ფლორა და ფაუნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ მისი ეკო-პოეტური პოტენციალის (Human-Animal Studies) ანალიზი შეადგენს პროექტის ცენტრალურ ინტერესს.

ირინე ბერიძე არის ლიტერატურათმცოდნე და კულტუროლოგი. სწავლობდა თბილისში, ბერლინსა და პოტსდამის უნივერსიტეტებში გერმანულ ენასა და ლიტერატურას, აღმოსავლეთ ევროპის კულტურის კვლევების მიმართულებით. ამჟამად არის ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი. ირინემ ცოტა ხნის წინ დაასრულა მუშაობა სადოქტორო ნაშრომზე, რომელიც პოსტსაბჭოთა გერმანულენოვან ლიტერატურას მიგრაციისა და ტრანსნაციონალური/ტრანსკულტურული თეორიების გამოყენებით შეისწავლის. მისი საკვლევი თემებია: მიგრაცია და ლიტერატურა; აღმოსავლეთ ევროპული კინოს ისტორია; ომი და მეხსიერება.

ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

ფოტო: გურამ ოდიშარიას რომანის “პრეზიდენტის კატა” აფხაზური თარგმანის გარეკანი.