14 ივნისს, საღამოს 7 საათზე, ონლაინ რეჟიმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმის მორიგი შეხვედრა, რომელზეც იონას ლიოფლერი გააკეთებს მოხსენებას სათაურით “იმპერიის ხმები. მუსიკა და იდენტობა მეოცე საუკუნის მიჯნის თბილისში“.
მოხსენების შესახებ:
მოხსენებაში ვისაუბრებ მეოცე საუკუნის დასაწყისში მუსიკასა და იდენტობის ფორმირებას შორის არსებულ კავშირებზე რუსეთის იმპერიის განაპირას. იმ დროისათვის, თბილისი კავკასიის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი იყო. მისი მოსახლეობა ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, სადაც სომხები უმრავლესობას შეადგენდნენ, მრავალრიცხოვანი ქართველები და რუსები კი შედარებით მცირერიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებთან, თურქული წარმოშობის ხალხთან და გერმანელებთან თანაცხოვრობდნენ. ქალაქის ეთნიკური მრავალფეროვნება მის მუსიკალურ ცხოვრებაშიც აირეკლებოდა. რადიკალურად განსხვავებული მუსიკალური ჟანრები, დასავლური მუსიკალური წარმოდგენებიდან დაწყებული ქართველების და სომხების მიერ დადგმული ხალხური მუსიკის კონცერტებით დამთავრებული, თანაარსებობდა სპარსულ ქალაქურ ხალხურ მუსიკასთან. რაც უფრო ცხოველდებოდა სომხებს, ქართველებსა და აზერბაიჯანლებს შორის ეთნიკური/ეროვნული იდენტობის შესახებ განხილვების, მით უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა მუსიკაც საჯარო დისკურსში. ამავდროულად, თბილისი იყო რუსული რეგიონული ადმინისტრაციის საყრდენი ქალაქი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში კოლონიურად მოტივირებულ “ცივილიზაციის“ გავრცელების მისიას ეწეოდა სამხრეთ კავკასიაში. ქართულ, სომხურ და რუსულენოვან გაზეთებსა და ჟურნალებზე დაყრდნობით, მე განვიხილავ იმ როლს, რაც მუსიკამ ითამაშა ეთნიკური იდენტობის შესახებ დისკუსიებში, საკუთარი იდენტობის მტკიცებაში, სხვა ჯგუფების გა-სხვავებასა (othering) და კულტურულ ჰიბრიდულობაში გვიანდელი ცარისტული კოლონიური პოლიტიკის კონტექსტში. (სამხრეთ) კავკასიისადმი როგორც დახლართული კულტურული სივრცისადმი მიდგომით ჩემი მიზანია, წვლილი შევიტანო ცარისტული კავკასიის დეცენტრალიზებულ კულტურულ ისტორიაში, ნაციონალ(ისტ)ური პარადიგმების მიღმა.
მომხსენებლის შესახებ:
იონას ლიოფლერი კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტია. იგი იყო გერმანიის აკადემიური კვლევის ფონდის და ასევე კიოლნის ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლის სტიპენდიანტი. იონასი სწავლობდა კლასიკურ გიტარას ბაზელის მუსიკის აკადემიაში და მუსიკოლოგიას ბაზელის უნივერსიტეტში. იონასი ასეევე სწავლობდა ლინაკრის კოლეჯში, ოქსფორდის უნივერსიტეტში კლარენდონის ფონდის სტიპენდიით. აკადემიური საქმიანობის გარდა, იგი თარგმნის ქართულიდან, გამოქვეყნებული აქვს მოკლე მოთხრობების კრებული ენის შემსწავლელთათვის და 1924 წლის ქართველი ფუტურისტული/დადაისტური ჟურნალის „H2SO4”-ს თარგმანი.
შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე.
რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე.
ქრისტაფორ კარა-მურზას სომხური ეროვნული გუნდი კავკასიის საიუბილეო გამოფენაზე თბილისში, 1901 წელი. წყარო: ერევნის ლიტერატურისა და ხელოვნების მუზეუმის არქივი.