Search

კოლოკვიუმი: რუსეთის პირველი ანტი-იმპერიალისტური რომანი / ჰარშა რამი

For English follow this link.

8 თებერვალს, საღამოს 7 საათზე, ონლაინ რეჟიმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმის მორიგი შეხვედრა. სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სახელწოდებით “კავკასია და იმპერიული მატრიცა გრძელ მეცხრამეტე საუკუნეში“, კოლოკვიუმს წარუძღვება ჰარშა რამი, ბერკლის უნივერსიტეტის სლავური ენებისა და ლიტერატურების განყოფილების ასოცირებული პროფესორი, მოხსენებით „რუსეთის პირველი ანტი-იმპერიალისტური რომანი: ვასილი ნარეჟნის შავი წელიწადი ანუ მთიელი თავადები.

მოხსენების აღწერა:

რუსულენოვანი უკრაინელი მწერალი ვასილი ნარეჟნი (1780-1825) თბილისს 1802 ეწვია, სადაც ერთი წლის მანძილზე მუშაობდა ახლადშექმნილ რუსულ ადმინისტრაციაში. ამ დროს გახლართული აღმოჩნდა კავკასიის ახალი დროის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ მოვლენაში, რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიაში. კავკასიაში ყოფნა ნარეჟნისთვის საბოლოოდ იქცა ბიძგად მისი მომავალი რომანისთვის შავი წელიწადი ანუ მთიელი თავადები, რომელიც სავარაუდოდ პეტერბურგში დაიწერა 1810-იან წლებში, მაგრამ მხოლოდ ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოიცა 1829 წელს. შავი წელიწადი რუსული ლიტერატურის პირველი სრულმასშტაბიანი ნაწარმოებია, რომელიც კავკასიაში წარმოებს, და მოგვითხრობს ჩრდილოეთ ოსეთის ერთ პატარა სათავადოზე, სავარაუდოდ ახალი დროის ადრეულ პერიოდში. ეს რომანი, რომელიც უთავბოლო მონათხრობია ძალაუფლების განმტკიცების, შენარჩუნებისა თუ დაბრუნების წადილით შეპყრობილი კავკასიელი მცირე თავადის შესახებ, აღქმულ იქნა, როგორც თავდასხმა არც მეტი არც ნაკლები რუსული ავტოკრატიის საფუძვლებზე და მის გამოცემაზე უარი ითქვა. როცა, საბოლოოდ, გამოიცა, რომანი დაიწუნეს, როგორც ესთეტურად ჩაფლავებული და ყავლგასული. დროიდან ამოვარდნილი და რუსული ლიტერატურის კანონის მიღმა დარჩენილი, ნარეჟნის ეს წიგნი მრავალგვარ წყაროს ეყრდნობა, „თავადების სარკიდან“ (Fürstenspiegel) და „აღმოსავლური ზღაპრიდან“ (conte oriental) დაწყებული და უკრაინული ბაროკოს ხალხური ტრადიციებით დამთავრებული. ის შეადგენს გროტესკულ, თუმცა კი გამოუცნობ სატირას, რომლის მიერ როგორც რუსულ ისე კავკასიურ სუვერენულობათა ალეგორიზაცია ჯერაც არ გააზრებულა ბოლომდე. 

ბიოგრაფია:

ჰარშა რამის პირველი წიგნი იმპერიული ამაღლებული (The Imperial Sublime, 2003) ეხებოდა მიმართებას პოეტურ ჟანრს, ესთეტურ თეორიას, სივრცესა და პოლიტიკურ ძალაუფლებას შორის მე-18 და ადრეული მე-19 საუკუნის რუსულ ლიტერატურაში. თავის უახლეს პუბლიკაციებში ის იკვლევს რუსულ-ქართულ, რუსულ-ფრანგულ და რუსულ-იტალიურ ლიტერატურულ ურთიერთობებს მსოფლიო ლიტერატურისა და შედარებით მოდერნულობათა თეორიების კონტექსტში. ის ამჟამად მუშაობს წიგნზე სუვერენულობის გეოპოეტიკა. რუსულ-ქართული შეხვედრის ლიტერატურები, რომელიც გვთავაზობს მე-18 და ადრეული მე-19 საუკუნის განმავლობაში ქართველ და რუს მწერლებსა და ინტელექტუალებს შორის კულტურული ურთიერთობების ისტორიულ ანალიზს. წიგნი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ დაირუკა საქართველო და მთლიანად კავკასიის რეგიონი, ერთი მხრივ, გეოპოლიტიკურად, როგორც სადაო ტერიტორია, მეორე მხრივ კი, გეოპოეტურად, როგორც ბუნებრივი და ეთნოლინგვისტური მრავალფეროვნების სივრცე.

ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე, Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრიაციის საფუძველზე.

რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3WyPCzp