Search

კოლოკვიუმი: კარგი ცხოვრების ძიებაში: პოსტ-საბჭოთა ერთობები ოსნაბრუკში/ ნინო აივაზიშვილი-გენე

29 თებერვალს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი. სემინარზე განვიხილავთ ანთროპოლოგ ნინო აივაზიშვილი-გენეს მომავალ წიგნს, სახელწოდებით: კარგი ცხოვრების ძიებაში: პოსტ-საბჭოთა ერთობები ოსნაბრუკში.

მოხსენების აღწერა:

წიგნი პოსტ-საბჭოთა სივრციდან წასული ადამიანების საცხოვრებელ გარემოს აანალიზებს ემიგრაციის შემდეგ, ქალაქ ოსნაბრუკში, გერმანიაში. კვლევის მიზანი ემიგრანტების მიერ ერთობების შექმნის და მათი ინდივიდუალური ცხოვრების მოწყობის ისტორიების შესწავლა გახლდათ. მონოგრაფია მნიშვნელოვან კითხვებზე გვთავაზობს პასუხებს: რომელ ადგილობრივ, ტრანსლოკალურ თუ ტრანსნაციონალურ კავშირებში პოულობენ მიგრანტები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან საყრდენს და იდებენ ახალ საფუძველს? როგორ განსაზღვრავენ ისინი “კარგ ცხოვრებას“ ახალ ადგილას? რა როლს თამაშობს ამ პროცესში ყოფილ საბჭოთა კავშირში მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილებები? ეს ეთნოგრაფიული კვლევა გვაჩვენებს მიგრაციის და მისი თანმხლები გრძელვადიანი პროცესების დინებას გერმანიაში, მიგრანტთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფის მაგალითზე.

ბიოგრაფია:

ნინო აივაზიშვილი-გენე არის ვენის უნივერსიტეტის ტრანსფორმაციის ისტორიის კვლევითი ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი. მან დოქტორის ხარისხი სოციალურ ანთროპოლოგიაში მარტინ-ლუთერის უნივერსიტეტიდან (ჰალე-ვიტენბერგი) მიიღო. სადოქტორო პროექტი დააფინანსა გერდა-ჰენკელის ფონდმა. პარალელურად ნინო იყო მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული წევრი ჰალეში. 2015-2018 წლებში ნინო მუშაობდა სოციალურ და საგანმანათლებლო სექტორში ლტოლვილებთან და მიგრანტთა ორგანიზაციებთან ვუპერტალსა და ესენში (გერმანია). 2018 წლიდან 2020 წლამდე ის იყო ლექტორი ბოხუმის რურის უნივერსიტეტში, სადაც ასწავლიდა საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს პოლიტიკურ ანთროპოლოგიაში, საზღვრების ანთროპოლოგიაში, მოქალაქეობასა და ეთნოგრაფიულ საველე სამუშაოში.  2020 წლიდან ნინო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრია. 2021 წლის მარტიდან ის აგრეთვე მუშაობს ვენის უნივერსიტეტში. 2021 წელს ნინო იყო ოსნაბრუკში (გერმანია) მიგრაციის კვლევისა და კულტურათაშორისი კვლევების ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი, ხოლო 2022 წელს ბირმინგემის (დიდი ბრიტანეთი) გერმანული და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიწვეული მეცნიერი. ნინოს პუბლიკაციები მოიცავს მოქალაქეობის, საზღვრების, ეთნიკური კუთვნილების, მიგრაციის, საზოგადოებრივი და რელიგიური ცერემონიების საკითხებს.

ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

წყარო: ნინო აივაზიშვილი-გენეს ფოტოები.