Menu

შოთა პაპავას საჯარო ლექცია: ძიგა ვერტოვის „მსოფლიოს მეექვსე ნაწილის“ ცენტრალური იმპერიული ღერძი

1-ლ ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტის, შოთა პაპავას, საჯარო ლექცია: ძიგა ვერტოვის „მსოფლიოს მეექვსე ნაწილის“ ცენტრალური იმპერიული ღერძი.

დოკუმენტური კინოს ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი რეჟისორის, ძიგა ვერტოვის, 1926 წლის ფილმს, „მსოფლიოს მეექვსე ნაწილს“, ძირითადად აღიქვამენ, როგორც 20-იანი წლების ავანგარდისტული კინოს ნიმუშს, რომელსაც ეთნოგრაფიული მზერა და ექსპლორაციული სულისკვეთება ამოძრავებს – სულისკვეთება რომელიც საბჭოთა კავშირის „უსაზღვრობის“ (необъя́тность) პრობლემას ეჭიდება. მომხსენებელი შეეცდება, წარმოაჩინოს ფილმის ნაკლებად შესამჩნევი მოტივი, რომლის მიხედვითაც ფილმის წაკითხვა დაპყრობის (освое́ние) პრინციპის ლოგიკიდან გამომდინარე ხდება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვან შეკითხვებს წარმოშობს 20-30-იანი წლების საბჭოთა ხელოვნების მსგავსება/განსხვავებაზე.

დრო: 1-ლი ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.