Menu

ხათუნა ივანიშვილის საჯარო ლექცია: “ნარცისიზმი – მითსა და კლინიკურ კონცეფციას შორის”.

21 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, შეხვედრების სერიის – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში, გიწვევთ ფსიქოანალიტიკოსის, ფსიქოთერაპევტის, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების თავმჯდომარის, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კანდიდატის, ხათუნა ივანიშვილის, საჯარო ლექციაზე: “ნარცისიზმი – მითსა და კლინიკურ კონცეფციას შორის”.

ტერმინი ”ნარცისიზმი” ფსიქოანალიზში დამკვიდრდა საკუთარი თავის სიყვარულის აღსანიშნავად და უკავშირდება ბერძნულ მითს ნარცისის შესახებ.
ტერმინი ფროიდმა პირველად გამოიყენა, როგორც ობიექტის არჩევის ფორმა, შემდგომში კი – როგორც ბავშვის ფსიქოსექსუალური განვითარების გარდამავალი საფეხური აუტოეროტიზმსა და უფრო მაღალგანვითარებულ საფეხურს (ობიექტის სიყვარულს) შორის. ფროიდის შემდგომ მოხდა ამ ცნების გაფართოება და განვითარება სხვადასხვა სკოლის ფსიქოანალიტიკოსთა მიერ.

ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ რამდენად იჭრება სიტყვა ”ნარცისიზმი” და “ნარცისული” ჩვენს ყოველდღიურ აზროვნებასა და ცხოვრებაში. როგორც წესი, ამ ტერმინს ვიყენებთ ნორმალური და გადახრილი ფსიქოლოგიური მოვლენების აღსანიშნავად, ამიტომ ხშირად ის უარყოფითი ტონალობის მატარებელია. შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებელი შეეცდება განმარტოს ნარცისიზმის ცნება, არსი და შედეგები.

დრო: 21 იანვარი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.