Menu

კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ფორმისა და შინაარსის ძიებაში. ნაწილი II“

29 ივნისს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ფორმისა და შინაარსის ძიებაში. ნაწილი II“.

კონფერენციის მიზანია, წინ წამოწიოს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული დღემდე ნაკლებად გამოკვლეული თემები ან/და კრიტიკულად გადასინჯოს და თეორიულად გამდიდრებული მსჯელობით გააანალიზოს შედარებით ნაცნობი საკითხები: როგორ წარმოისახება პირველი რესპუბლიკა დღევანდელ მეხსიერებაში და როგორ წარმოისახავდნენ რესპუბლიკას მისი მესაჭეები თუ რესპუბლიკის დროინდელი ხელოვანები და მეცნიერები?

კონფერენციის დასასრულსაც, საჯარო დისკუსიაზე, ქალთა საკითხის მაგალითზე კიდევ ერთხელ დაისმება შემდეგი შეკითხვა: როგორ უნდა ვიმსჯელოთ პირველ რესპუბლიკაზე ისე, რომ, ერთი მხრივ, არ უგულებელვყოთ მისი ინსტიტუციებისა თუ პროექტების მომდინარეობა რესპუბლიკამდელი პერიოდიდან, მეორე მხრივ კი, ნათლად გამოჩნდეს, რესპუბლიკიდან საბჭოთა საქართველოზე გადასვლისას სად იკვეთება წყვეტები და სად –განგრძობითობა? და რას გვეუბნება ჩვენ მიერ დასმული თემატური, თეორიული, ქრონოლოგიური აქცენტები ჩვენსავე დღევანდელ მდგომარეობასა და იდეოლოგიურ პოზიციებზე?

კონფერენცია ინსტიტუტის პროექტის ნაწილია, რომელიც უკვე მეორე წელია დარგთაშორის ჭრილში დღემდე დომინანტური ისტორიოგრაფიული და პოლიტოლოგიური პრიზმის მიღმა იკვლევს პირველი რესპუბლიკისთვის ფუნდამენტურ პოლიტიკურ, კულტურულ თუ სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებს.

დრო: 29 ივნისი, 13:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დასწრება თავისუფალია.