Menu

კემბრიჯის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევრის, თომას ჰოპკინსის, საჯარო ლექცია: დემოკრატია და მრეწველობა რევოლუციის შემდგომ საფრანგეთში

5 აპრილს, 16:00 საათზე, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი ისტორიასა და პოლიტიკაში, თომას ჰოპკინსი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: დემოკრატია და მრეწველობა რევოლუციის შემდგომ საფრანგეთში.

მე-19 საუკუნეში ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ თუ ანტიკურ სახელმწიფოთა მმართველობა, საბოლოო ჯამში, მონობას ემყარებოდა, თანამედროვე ევროპული საზოგადოებები კი თავიანთი მოქალაქეების ძალისხმევით ამუშავებულ მრეწველობაზე იდგა. მიიჩნეოდა, რომ ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრება საშუალებებისა და მიზნების სისტემა იყო, რომელსაც საფუძვლად ედო ის, რასაც იმ დროს „შრომის დანაწილებად“ აღწერდნენ ხოლმე. პოლიტიკა შეგვეძლო ამ სისტემის გაფართოებად დაგვენახა; არსებობდა შერჩევითი მსგავსება წარმომადგენლობით მმართველობასა და „კომერციულ საზოგადოებას“ შორის. ეს ლექცია წარმოაჩენს მე-19 საუკუნის ამ იდეების ბედს მე-20 საუკუნეში და როლს, რაც ამ იდეებმა ითამაშეს ადრეული სოციალისტური აზროვნების განვითარებისათვის ხელსაყრელი ნიადაგის მომზადებაში. ამ ამბის მთავარი მოქმედი პირი ანრი სენ-სიმონის ნააზრევია. მისმა მისწრაფებამ, „კაცთა მმართველობა“ ჩაენაცვლებინა „ნივთთა ადმინისტრირებით“, ისეთ ურთიერთგანსხვავებულ მოაზროვნეებზე იქონია გავლენა, როგორებიც იყვნენ: ოგიუსტ კონტი, კარლ მარქსი, ჯ. ს. მილი და ჰერბერტ სპენსერი.

მომხსენებლის შესახებ

პოლიტიკის ისტორიკოსი თომას ჰოპკინსი (Thomas Hopkins) 2015 წლიდან ასწავლის კემბრიჯის უნივერსიტეტში, პოლიტიკისა და საერთაშორისო კვლევების კათედრაზე; ამავე დროს კი კემბრიჯის უნივერსიტეტის ქრაისტს-კოლეჯის ასოცირებული წევრია ისტორიისა და პოლიტიკის განხრით. 2014-2015 წლებში, ლონდონის უნივერსიტეტში ასწავლიდა პოლიტიკური აზრის ისტორიას. 2011 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტის ქრაისტს-კოლეჯში, ისტორიის დარგში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (PhD) თემაზე: „სეი და სისმონდი პოლიტიკური ეკონომიის შესახებ რევოლუციის შემდგომ ევროპაში“. 2005-2006 წლებში, ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე პოლიტიკური აზრისა და ინტელექტუალური ისტორიის მიმართულებით.

რჩეული პუბლიკაციები

2015: „მსოფლიო პოლიტიკური ეკონომიკის“ საზღვრები: სმითი, ლისტი და ვაჭრობით დამყარებული მშვიდობის პარადოქსი“, წიგნში: ტ. ჰიპლერი; მ. ვეკი (რედ.), მშვიდობის პარადოქსი მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში (ოქსფორდი: Oxford University Press, 2015), გვ. 77-91;

2014: „მსოფლიოს განმგებლობა მეცხრამეტე საუკუნეში“; „საკუთრება და სიღატაკე: თვალთახედვები მეცხრამეტე საუკუნის სოციალურ საკითხთან დაკავშირებით“; „სოციალიზმამდე: პოლიტიკური ეკონომია და სოციალური საკითხი მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთში“, წიგნში: მ. კოსკენიემი; ბ. შტრათი (რედ.). ევროპა 1815-1914 წლებში: ერთობისჩამოყალიბება და მსოფლიოს განმგებლობა (ჰელსინკი: University of Helsinki, 2014), გვ. 33-43, 84-92, 93-106;

2016: სამრეწველო ცივილიზაცია: პოლიტიკური აზრი რევოლუციის შემდგომ საფრანგეთში (მონოგრაფია, იგეგმება გამოსაცემად 2016 წლის მიწურულს).

დრო: 5 აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.#32)

დასწრება თავისუფალია.