Menu

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში 2018

 

 

 

13 დეკემბერს, 19 საათზე სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ინსტუტიტების სამეცნიერო კვირეულზე წარადგენს 2018 წელს გაწეული სამუშაოს ანგარიშსა და გაისანდელ გეგმებს.
წელს ინსტიტუტიდან სამეცნიერო მოხსენებით წარდგება დოქტორი ელენე ლადარია თემაზე: “ენის საკითხი საბჭოთა სოციალურ მეცნიერებაში“

თემის მოკლე აღწერა:

“1950 წლამდე საბჭოთა კავშირის ენათმეცნიერებაში დომინანტური, თუ არა მონოპოლისტური პოზიცია ეკავა ნიკო მარის მიერ შემოთავაზებულ ენის ახალ თეორიას, რომელიც ინდო-ევროპული და სტრუქტურალისტური ენათმეცნიერების ერთადერთ და აუცილებელ ალტერნატივად წარმოადგენდა თავს. რიგი მიზეზების გამო მარის თეორია რთულად გასაგები რჩება და ბევრ კითხვას წარმოშობს. ოცდაათიან წლებში მარის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე კონსტანტინე მეგრელიძე წერს წიგნს აზროვნების სოციოლოგიის შესახებ, რომელშიც ხშირად ეყრდნობა მარის მიერ შემოთავაზებულ ენობრივი ფაქტების ანალიზს. მიუხედავად ამისა, ბუნდოვანი რჩება არა მხოლოდ მარისა და მეგრელიძის თეორიულ პროექტებს შორის მიმართების, არამედ მეგრელიძის პროექტის მთლიანობის საკითხიც. მოხსენებაში შემოთავაზებული იქნება თეზისი, რომლის მიხედვითაც ამ ავტორთა თეორიული მიზნები სიცხადეს შეიძენს, თუ მათ ერთმანეთის შემავსებლად განვიხილავთ. ამგვარ განხილვაში კი მნიშვნელოვანი დახმარება შეიძლება გასწიოს მიხეილ ჩხაიძის, მარის ერთ-ერთი მოწაფის მიერ 1985 წელს დაწერილმა მონოგრაფიამ, რომელიც თავისი ინტენციით გამონაკლისს წარმოადგენს მარის შესახებ დღემდე არსებულ ლიტერატურაში. ხელნაწერის სახით მოცემული ამ მონოგრაფიის გამოსაცემად მომზადებას ისახავს, სწორედ, მიზნად, სოციალური და კულტურის კვლევის ინსტიტუტში დღესდღეობით მიმდინარე ერთ-ერთი პროექტი, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტთან პარტნიორობით ხორციელდება.“