საბჭოთა გამოცდილების კრიტიკული გააზრება პოსტ-საბჭოთა საქართველოს აკადემიურ და საჯარო წრეებში ახლახან მნიშვნელოვან საკითხად იქცა. სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა აკადემიური პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ყოველ ორ კვირაში ერთხელ იმართება საჯარო ლექციები. პროექტი „საბჭოთა პარადიგმები“, რომელსაც ინსტიტუტის ასისტენტი, სოსო ჭაუჭიძე უძღვება, სხვადასხვა აკადემიური დისციპლინის წარმომადგენლებს, საჯარო ინტელექტუალებსა და აქტივისტებს სადისკუსიო სივრცეს უთმობს. ვიმედოვნებთ, ლექციები საბჭოთა წარსულისა და პოსტ-საბჭოთა ქართული კულტურული, ეკონომიკური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ლანდშაფტების კრიტიკულ გადააზრებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ვთვლით, რომ პროექტი საბჭოთა ისტორიისა და მემკვიდრეობის თემებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო ინტერდისციპლინარულ აკადემიურ კვლევებსა და ფართო საზოგადოებრივ დისკუსიას წაახალისებს.