Menu

გალ ჰერცის სემინარები – “ენა და ძალადობა”

6, 7 და 9 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, ბერლინის (გერმანია) ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მკვლევარი, გალ ჰერცი, ჩაატარებს სემინარების ციკლს: „ენა და ძალადობა“

სემინარების განრიგი:

სემინარი I: Pro Patria Mori – პოეტები ომში, ვალტერ ფლექსი და ვილფრედ ოუენი
დრო: 6 დეკემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის E209 აუდიტორია, (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

სემინარის შესახებ:
I მსოფლიო ომმა არაერთი ლიტერატურული ნაშრომი შექმნა, მათ შორის მეომარი-მწერლების ავტორობით. გერმანელი ვალტერ ფლექსი და ინგლისელი ვილფრედ ოუენი ოფიცრები იყვნენ, ვინც თავიანთი არტისტული ხმა ომის გამოცდილების გავლით იპოვეს. ორივე მათგანმა არჩია, დაბრუნებულიყო ფრონტზე და ორივე დაეცა ბრძოლის ველზე, რამაც მათ მეტი მომხიბვლელობა შესძინა მკითხველის თვალში. მიუხედავად სხვადასხვა ფრონტზე ბრძოლისა და მათი ნაშრომების განსხვავებული რეცეფციისა (ფლექსის, როგორც ნაციონალისტის და ოუენის, როგორც ერთგვარად პაციფისტის), მათი ერთად წაკითხვა გასაოცარი გზაა ენაზე და ომზე, ესთეტიკაზე და ძალადობაზე დასაფიქრებლად.

სემინარი II: ძალადობის ხმა – ჟან ამერი გონების ლიმიტებთან
დრო: 7 დეკემბერი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის C317 აუდიტორია, (ჭავჭავაძის გამზ. #32)

სემინარის შესახებ:
ჟან ამერი საკუთარ წიგნში – „გონების ლიმიტებთან“ – აღწერს ჯერ ანტვერპენში, შემდგომ კი – აუშვიცში გესტაპოს პატიმრად ყოფნის პირად გამოცდილებას. წამება, მისი განმარტებით, წარმოადგენს „თვითის საზღვრების იმგვარ დარღვევას სხვის მიერ, რომლის არც განეიტრალებაა შესაძლებელი დახმარების მოლოდინით და არც გამოსწორება – წინააღმდეგობის გაწევით“. ურთიერთმიმართება თვითსა და სხეულს, ტკივილსა და მეტყველებას, იმედსა და სიკვდილს შორის ქმნის უნიკალურ ჩარჩოს, რომელიც უპირისპირდება პოლიტიკური ძალადობის თანამედროვე აღქმას. სემინარზე გილ ჰერცი წაიკითხავს პასაჟებს ტექსტიდან და განიხილავს იმ ეპისტემოლოგიურ ასპექტებს, რომელსაც ავტორი გვთავაზობს ძალადობაზე, როგორც არა მიზნის მისაღწევად საჭირო საშუალებაზე, არამედ კონსტიტუციურ მომენტზე დასაფიქრებლად.

სემინარი III (თეატრალური დადგმითურთ): ენა და ძალადობა ჰანოხ ლევინის „მკვლელობაში“
დრო: 9 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: აუდიტორია E115 (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარის შესახებ:
ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი დრამატურგისა და თეატრალური რეჟისორის, ჰანოხ ლევინის (1943-1999), შემოქმედება ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეგზისტენციალურ საკითხებს და, მიუხედავად იმისა, რომ ლევინმა წარმატებებს მიაღწია, მისი არაერთი დადგმა სკანდალურად მიიჩნევა. „მკვლელობაში“ ლევინი განიხილავს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს, მაგრამ დადგმა სცდება ამ საზღვრებს და იძლევა საშუალებას პოლიტიკური ძალადობის ბუნებაზე და ენასთან და თეატრთან მის მიმართებაზე რეფლექსიისათვის. სემინარზე, პროფესორი ჰერცი სტუდენტებთან ერთად შეასრულებს პირველ აქტს და განიხილავს უსარგებლო, ჭარბი ძალადობის პოლიტიკურ ლოგიკას.

სემინერების სამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

სემინარების განმავლობაში აქტიურად განვიხილავთ ნაწყვეტებს მხატვრული ნაწარმოებებიდან. ამ საკითხავი მასალის მეილზე მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ კითხვარი.
( https://goo.gl/forms/ifQFF0upuyHffc8i2 )