ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი 2014 წელს შეიქმნა მოდერნულობის შესწავლის ინსტიტუტის საფუძველზე. ახალი ინსტიტუტი იტოვებს ინტერდისციპლინარულ პროფილს და მისი მიზანია, როგორც ილიაუნის სტუდენტებს, ისე ფართო დაინტერესებულ პუბლიკასაც შესთავაზოს სამეცნიერო აქტივობათა ფართო სპექტრი, რომელიც სიღრმისეულად და ამავე დროს ხელმისაწვდომი სახით ჩაეძიება თანამედროვე საქართველოსათვის მწვავე სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ასპექტებს შესაბამისი აქტუალური თეორიული პერსპექტივებიდან.
დღესდღეობით და უახლოესი წლების მანძილზე ინსტიტუტის საკვლევი საქმიანობა განვითარდება შემდეგი ღერძების ირგვლივ:
- „იმპერიები“ – საბჭოთა ტოტალიტარიზმი და პოსტტოტალიტარიზმი; საბჭოთა კულტურა ევროპული მოდერნის კონტექსტში; იმპერიული მემკვიდრეობები; ორიენტალიზმი; პოსტკოლონიალიზმი;
- „კულტურის პარადიგმები“ – კულტურის კვლევების XX საუკუნის პირველი ნახევრის თეორეტიკოსები; ფროიდი და ფსიქოანალიტიკური კულტურის თეორია; პოლიტიკის ხელოვნება და ხელოვნების პოლიტიკა; მსხვერპლშეწირვა და მოწამეობა;
- „რელიგია და სამართალი სოციალფილოსოფიურ ჭრილში“ – ადამიანის უფლებები დისციპლინათშორის ჭრილში; სახელმწიფოს და სამართლის თეორიები; რელიგიის მოდერნული თეორიები.
ილიას უნივერსიტეტის მიერ ინსტიტუტისთვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტისა და ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსების საფუძველზე ინსტიტუტი ახორციელებს მრავალგვარი ფორმატის სამეცნიერო აქტივობას:
- ყოველ მეორე ოთხშაბათს წიგნის სახლ “ლიგამუსში” იმართება საბჭოთა კვლევებისადმი მიძღვნილი საღამოები;
- დანარჩენი ოთხშაბათ დღეებში კი ინსტიტუტი ამავე ადგილას მასპინძლობს შეხვედრებს ფსიქოანალიზის შესახებ;
- რეგულარულად ტარდება ინსტიტუტის მოწვევით ჩამოსული უცხოელი პროფესორების რიგგარეშე სემინარები და ლექციები, რომლებსაც აქვთ როგორც საჯარო ისე შიდა სასწავლო ხასიათი;
- წელიწადში რამდენჯერმე იმართება ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციები და ვორკშოპები;
- უახლესი თეორიული პარადიგმების გავრცელების მიზნით ინსტიტუტი აწარმოებს სხვადასხვა მთარგმნელობით პროექტს;
- თეორიის შესწავლას თან ერთვის ცალკეული კვლევითი პროექტებიც და ისეთი შემეცნებითი აქტივობა, როგორიცაა სამეცნიერო კითხვის წრე;
- სასწავლო აქტივობაში არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტის, არამედ მთელი საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტების აქტიური ჩაბმის მიზნით ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება როგორც ინსტიტუტის პროფესორთა გასვლითი ლექციები, ისე ზამთრისა და ზაფხულის სკოლები ქართული და საერთაშორისო აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.
ინსტიტუტი პარტნიორობს გერმანიის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, შვეიცარიის და აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან. ხოლო 2015 წლის ივნისში, ილიას უნივერსიტეტთან ერთწლიანი წარმატებული თანამშრომლობის საფუძველზე, ინსტიტუტმა ოფიციალურად გააფორმა თანამშრომლობა ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრთან (ZfL).