Search

ჭიათურის „შავი ქვიდან“ ზესტაფონის „ფეროგიგანტამდე“ – ინდუსტრიალიზაციის ინტელექტუალური ლანდშაფტი ადრეულ საბჭოთა კავშირში

15 თებერვალს, საღამოს 7 საათზე, ზუმში გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კოლოკვიუმი. სემინარზე განვიხილავთ გოტინგენის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის, თამარ ქებურიას სადოქტორო ნაშრომის პირველ თავს, სახელწოდებით „ჭიათურის ‘შავი ქვიდან’ ზესტაფონის ‘ფეროგიგანტამდე’ – ინდუსტრიალიზაციის ინტელექტუალური ლანდშაფტი ადრეულ საბჭოთა კავშირში“.

მოხსენების აღწერა:

ადრეულ საბჭოთა წლებში, როდესაც ინდუსტრიალიზაციის პირველი ხუთწლედი (1928 – 1932) იწერებოდა და საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთით თუ დასავლეთით, სამხრეთით თუ ჩრდილოეთით, არაერთი მონუმენტური საწარმოს მშენებლობა იგეგმებოდა, საფუძველი ეყრებოდა სტალინისტური ინდუსტრიალიზმის ტრიუმფალურ პოლიტიკას. თუმცა, მის საბოლოო ფორმირებამდე, საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის პირველადი მიზანი საბჭოთა რესპუბლიკების ეკონომიკის გარდაქმნა და აგრარულ მეურნეობაზე დაფუძნებული წარმოების ინდუსტრიულ რელსებზე გადაყვანა იყო.

პირველი ხუთწლედის ფარგლებში, დაგეგმილ „გიგანტურ“ საწარმოებს შორის, როგორიც არის მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომპლექსი, ხარკოვისა და ჩელიაბინსკის ტრაქტორის ქარხანა, დნეპროსტოის ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო ქარხანა თუ სხვა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობაც ირიცხება, რომელიც თავდაპირველ წყაროებში „ფეროგიგანტის“ სახელით მოიხსენიება. ასეთი ქარხნის მშენებლობის იდეა გასაბჭოებამდე არსებობდა საქართველოში.

მოხსენება არა მარტო ინდუსტრიალიზაციის პირველი ხუთწლედის ქართულ ვერსიას შეეხება, არამედ მის წინმსწრებ მოვლენებსაც განიხილავს. აქ მოიაზრება საქართველოში პროგრესული ინტელექტუალური აზრის ფორმირებში მონაწილე რევოლუციამდელი ტექნიკური ინტელიგენციის (ნიკო ნიკოლაძე, ბესარიონ ჭიჭინაძე, გიორგი და რუსუდან ნიკოლაძეები და მათი პროფესიული წრე) როლისა და ხედვების მიმოხილვა, მე-19 საუკუნის მიწურულიდან 1930-იანი წლების პირველ ნახევრამდე. მოხსენებაში ასევე განხილული იქნება საქართველოს გასაბჭოების პირველ ხანებში, ქართველ რევოლუციურ ბოლშევიკებსა და ეროვნულ სამეცნიერო და პროფესიონალურ ინტელიგენციას შორის წარმოქმნილი ერთგვარი სიმბიოზურ კავშირი, რომლის მდგენელიც, მომხსენებლის არგუმენტით, ე.წ. ‘ინდუსტრიული პროგრესივიზმის’ შესახებ საერთო და ერთგვაროვანი ხედვა იყო.

ბიოგრაფია:

თამარ ქებურია არის ლემან-ჰაუფტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ორმაგი ხარისხის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გოტინგენის უნივერსიტეტებში, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის მიმართულებით. ის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარია. მისი კვლევით ინტერესებია: შრომის ისტორია, საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაციის ისტორია, იმპერიული და ნაციონალური კვლევები სამხრეთ კავკასიაში.

ღონისძიება გაიმართება Zoom-ში და მასზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

სურათი: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. ლაბორანტი გ. ცუსიგავა აწარმოებს დაკვირვებას. 1963 წ.

წყარო: კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი, NAG_FPA_P_F1_8302.