Search

კოლოკვიუმი: “რუსებო, წადით სახლში”: რუსული (ნეო)იმპერიალიზმი თბილისში / სოფია გავრილოვა

For English follow this link.

30 ივნისს, პარასკევს, 19:00 საათზე, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ რეგულარული კოლოკვიუმის (გაზაფხულის სემესტრის დასკვნით) შეხვედრაზე, რომელზეც დრ. სოფია გავრილოვა ლაიფციგის რეგიონული გეოგრაფიის ლაიბნიც-ინსტიტუტიდან გააკეთებს პრეზენტაციას სათაურით “რუსებო, წადით სახლში: რუსული (ნეო)იმპერიალიზმი თბილისში”.

მოხსენების აღწერა:

ჩემი მოხსენება რუს მიგრანტებსა და თბილისის მკვიდრ მოსახლეობას შორის ურთიერთობებს შეეხება. იგი აჩვენებს მზარდი რუსული კონტინგენტისადმი წინააღმდეგობის ფორმებს თბილისში – გრაფიტებიდან დაწყებული, ბარების მიერ შემოღებული “ვიზებით“ დამთავრებული – როგორც რეაქციას უძრავი ქონების ბაზარზე მომხდარი ცვლილებებისადმი, რუსული წიგნის მაღაზიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მომრავლებისადმი. მოხსენების დასაწყისში მიმოვიხილავ ჩემ კვლევას იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენს უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსული იმიგრაცია თბილისზე. თავდაპირველად წარვადგენ მიგნებებს კვლევიდან, რომელსაც ოლგა ბრონიკოვასა და თამარა მარგველაშვილთან თანამშრომლობით ვახორციელებ, იმის თაობაზე, თუ როგორ თანაარსებობს ორი პარალელური პოლიტიკური და კოლექტიური ქმედების კულტურა, „ქართული“ და „ემიგრაციაში მყოფი რუსების“). შემდეგ გადავინაცვლებ ჩემი ამჟამინდელი კვლევის მთავარ ამოცანაზე, რაც იმის გაგების მცდელობაში მდგომარეობს, რა როლი უკავია ემიგრანტების „განსხეულებულ იმპერიალიზმს“ დღევანდელი თბილისის სივრცეების წარმოებაში. ვეყრდნობი რა ჩემ მიერ საქართველოში შარშან ჩატარებული საველე სამუშაოს დროს მოგროვებულ ეთნოგრაფიულ ინტერვიუებს, რუსული ემიგრაციის ნეო-იმპერიული ყოველდღიური გეოგრაფიების კონცეპტუალიზაციას ვახდენ იმის გასააზრებლად, თუ რა გადაკვეთაშია ეს გეოგრაფიები რუსეთის მხრიდან შემოჭრებისა და ომების მეხსიერებასთან, და იმ გარემოებასთან, რომ ქვეყნის 20 პროცენტი ჯერაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ბოლოს, ჩემი მოხსენება შეეხება იმ ძვრებს, რასაც აღმოსავლეთ ევროპის კვლევები ამჟამად განცდის, და როგორ ზემოქმედებს ეს ძვრები კვლევით საქმიანობას რეგიონში.

მომხსენებლის შესახებ:

სოფია გავრილოვა ყოფილი საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივი გეოგრაფიის სპეციალისტია. მისი კვლევის საგანია ეროვნული იდენტობა და მეხსიერების პოლიტიკა რუსეთში, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში; ცოდნის წარმოება და მისი დე-სოვიეტიზაცია ცენტრალურ აზიაში; საბჭოთა რეპრესიების სივრცითი ისტორია და იძულებითი გადასახლებები. მან 2019 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით ოქსფორდის უნივერსიტეტში და 2019-2020 წლებში. მისი დისერტაცია, რომელიც გამომცემლობა Routledge-მა 2022 წელს გამოსცა მონოგრაფიად (Russia’s Regional Museums: Representing and Misrepresenting Knowledge about Nature, History and Society), პოსტ-საბჭოთა და პოსტკოლონიურს შორის კამათის, ცოდნის წარმოების, საბჭოთა რეგიონული და ლოკალური იდენტობების კონსტრუირებისა და მუზეუმთმცოდნეობის გადაკვეთაზეა. მხარეთმცოდნეობის სისტემის, როგორც ლოკალური ცოდნის წარმოების საბჭოთა სისტემის სიღრმისეული ანალიზის მეშვეობით მან აჩვენა, რომ ლოკალური იდენტობის კონსტრუირების საბჭოთა ფორმები, რომლებიც 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა და საბჭოთა კავშირის უდიდეს ნაწილზე გავრცელდა, თანამედროვე რუსეთშიც მოქმედებს.  ამჟამად სოფია არის ლაიფციგის რეგიონული გეოგრაფიის ლაიბნიც-ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და იკვლევს ორ საკითხს: ერთი მხრივ, საბჭოთა გეოგრაფიული განათლების სისტემასა და იმპერიული და საბჭოთა სივრცული წარმოსახვების სიცოცხლისუნარიანობას დღევანდელობაში, მეორე მხრივ კი, უკრაინის ომის გავლენას კონფლიქტებსა და სამშვიდობო პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიაში.

ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე.

რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ.

სიახლეები